ჩინეთში საბავშვო ბაღებში ბავშვების მიმართ ძალადობის ფაქტებს იძიებენ
ჩინეთში საბავშვო ბაღებში ბავშვების მიმართ ძალადობის ფაქტებს იძიებენ

ჩინეთში საბავშვო ბაღებში არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის ფაქტებს იძიებენ. საქმე ეხება პეკინში მდებარე ბაღის გარშემო აგორებულ სკანდალს. მშობლები ამტკიცებენ, რომ აღნიშნულ დაწესებულებაში მათ მცირეწლოვან შვილებს „სექსუალურად ავიწროებდნენ, ნემსებს უკეთებდნენ და უცნობ წამლებს ასმევდნენ“.
პოლიციამ განაცხადა, რომ ბრალდებასთან დაკავშირებით 22 წლის მასწავლებელია დაკავებული, კიდევ ერთი პირი კი, ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო დააპატიმრეს.
აღშფოთებული მშობლები მომხდარის გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. როგორც ადგილობრივი მედია წერს, დაზარალებული 8 ბავშვის ასაკი 2-დან 6 წლამდე მერყეობს. საბავშვო ბაღი, რომელშიც ინციდენტი მოხდა, სამხედრო ბაზის სიახლოვეს მდებარეობს. ამის გამო, ვრცელდება ცნობები, რომ ბავშვების მიმართ არასათანადოდ მოპყრობაში შესაძლოა, სამხედროებიც მონაწილობდნენ.
მომხდარის გამო, ჩინეთის ხელისუფლება ქვეყნის მასშტაბით ყველა ბაღში შემოწმების ჩატარების განკარგულება გასცა.
აღსანიშნავია, რომ ინციდენტი მოხდა საბავშვო ბაღში, რომელიც კომპანია RYB-ს ეკუთვნის. მას ჩინეთის 130 ქალაქში 175-ზე მეტი ფილიალი აქვს. ეს არის მესამე შემთხვევა, როდესაც აღნიშნული კომპანიის საბავშვო ბაღი სკანდალში გაეხვა.