კახა კალაძე - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ძალადობის ფაქტები დაგმობილი იყოს
კახა კალაძე - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ძალადობის ფაქტები დაგმობილი იყოს

ეს არის იმ რადიკალების ხელწერა, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ამავე მეთოდებით შემოიფარგლებოდნენ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს იმ საკითხის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმად, მას შემდეგ, რაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მხარი დაუჭირეს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიმართ საზოგადოების მხრიდან ადგილი აქვს ბულინგს და სიძულვილის ენის გამოყენებას.

„ის პროცესი, რაც იყო, გრძელდება. არაფერი განსაკუთრებული. ეს არის იმ რადიკალების ხელწერა. როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, მაშინაც ამავე მეთოდებით შემოიფარგლებოდნენ. უბრალოდ, უფრო მეტი შესაძლებლობები ჰქონდათ, პირდაპირ კლავდნენ, აუბედურებდნენ ოჯახებს. დღესაც იგივეს აკეთებენ, ახლა ბევრის გაკეთების შესაძლებლობა არ აქვთ. დღეს ვერ კლავენ, მაგრამ ბულინგით, შეურაცხყოფით ახერხებენ იმას, რომ ადამიანებს მიაყენონ შეურაცხყოფა. ეს ძალიან ცუდია.

მე ბევრჯერ მითქვამს და გავიმეორებ, რომ ძალადობას ყოველთვის მოსდევს ძალადობა და ძალიან ცუდია, როდესაც არ ხდება ამ ყველაფრის დაგმობა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ასეთი ფაქტები იყოს დაგმობილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.