ჩინეთში მსოფლიოში უძველესი, 2200 წლის წინანდელი უნიტაზი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
ჩინეთში მსოფლიოში უძველესი, 2200 წლის წინანდელი უნიტაზი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

არქეოლოგებმა ჩინეთში აღმოაჩინეს უნიტაზი, რომელიც სავარაუდოდ, ერთ-ერთი უძველესია ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის.

საოცარი აღმოჩენა ქალაქ იუეიანში, სასახლის ნანგრევების გათხრისას გააკეთეს ჩინეთის არქეოლოგიის ინსტიტუტის მკვლევრებმა.

ტუალეტი დაახლოებით 2200-2400 წლის წინანდელი უნდა იყოს, ხანის დინასტიის დასაწყისის პერიოდის. აღმოჩენა ფრიად დამაინტრიგებელია, რადან მიიჩნეოდა, რომ თანამედროვე უნიტაზები ვიქტორიანულ ინგლისში გამოიგონეს.

ანტიკურ ხელსაწყოთა დიზაინის ექსპერტის, ფან მინიანგის განცხადებით, ტუალეტი საკმაოდ დახვეწილია, რადგან აქვს წყლის დრენაჟის ის სისტემა, რომელსაც დღესაც ვიყენებთ.

უნიტაზის ავზი, დამსხვრეული ნაწილები და მილი, რომლითაც გარე ორმოში ფეკალიები გამოედინებოდა, შარშან ზაფხულში აღმოაჩინეს. „მდიდრულ ობიექტს“ სავარაუდოდ მხოლოდ სასახლის ბინადარი მაღალი კლასის წარმომადგენლები იყენებდნენ.

გათხრების ჯგუფის წევრის, ლიუ რუის განცხადებით, უნიტაზის ყოველი გამოყენების შემდეგ, მოახლეებს მისი ავზი წყლით უნდა აევსოთ.

„ეს გახლავთ ჩინეთში აღმოჩენილი პირველი და ერთადერთი უნიტაზი. დანახვისთანავე ყველა გაოცებული ვიყავით, შემდეგ კი სიცილი აგვიტყდა“, — ამბობს ლიუ.

მიმდებარე ნიადაგის ანალიზმა შეიძლება გარკვეული ცნობები მოგვცეს იმ დროინდელი ადამიანების კვების რაციონის შესახებაც.

მომზადებულია global.chinadaily.com.cn-ისა და Business Insider-ის მიხედვით.