ჩინეთში მაიმუნის გენეტიკურად მოდიფიცირებული კლონები შექმნეს - პირველად ისტორიაში
ჩინეთში მაიმუნის გენეტიკურად მოდიფიცირებული კლონები შექმნეს - პირველად ისტორიაში

შარშან მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ ბირთვების ტრანსფერის ტექნოლოგიით ჩინეთში კლონირებული პრიმატები შექმნეს. ამჯერად ჩინელი მეცნიერები კიდევ უფრო შორს წავიდნენ — მაკაკების კლონირებამდე, მათ ჯერ მარეგულირებელ გენში შეაღწიეს.

მკვლევართა განცხადებით, გენეტიკურად შეცვლილი პრიმატების კლონირებას აშკარა ბენეფიტები აქვს სამედიცინო ტესტირებისთვის. თუმცა, ადამიანთა გენური რედაქტირების საკითხი საკმაოდ საკამათოა.

ახალი ექსპერიმენტის შემდეგ, შანხაიში, ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის ნეირომეცნიერების ინსტიტუტში ხუთი მაკაკა დაიბადა; ყველა მათგანს ზუსტად ერთი და იგივე გენები აქვთ, რომლებიც დონორი მაიმუნის კანის ფირობლასტიდან არის აღებული.

რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ყველა მათგანი ატარებს ერთი სპეციფიკური გენის ასლს. ეს გახლავთ BMAL1, რომელიც დონორში გენების რედაქტირების ტექნოლოგია CRISPR/Cas9-ით შეცვალეს.


ჩვეულებრივ, ეს გენი წარმოქმნის მარეგულირებელ ცილას, რომელიც გარკვეულ როლს ასრულებს ძუძუმწოვრების ბიოლოგიური რიტმების მართვაში. თუმცა, შეცვლილ ვერსიაში ეს ცილა აღარ იწარმოება და ცხოველებს აღენიშნებათ ბიოლოგიური რიტმის დარღვევები, მაგალითად, უძილობა და ღამით დიდი მოძრაობა.

მათ ასევე აღენიშნებათ როგორც აშლილობისა და დეპრესიის ნიშნები, ისე შიზოფრენიის მსგავსი ქცევები.

ნეირომეცნიერ ჰიუნგ-ჩუნგ ჩანის განცხადებით, ბიოლოგიური რიტმის დარღვევას ადამიანში მრავალი დაავადების გამოწვევა შეუძლია, მათ შორის ძილის აშლილობა, დიაბეტი, კიბო და ნეიროდეგენერაციული დაავადებები. მისივე თქმით, მათ მიერ შექმნილი ასეთი მაიმუნების გამოყენება შესაძლებელია დაავადებათა პათოგენეზისა და თერაპიულ მკურნალობათა შესასწავლად.

დაავადებათა შესასწავლად გენმოდიფიცირებულ ცხოველთა გამოყენება სამედიცინო კვლევებში ნორმალურია. ფსიქოლოგიურ ეფექტთა შესასწავლად, მეცნიერები რეგულარულად ცვლიან გენებს თაგვებში, ფრინველებსა თუ თევზებში.

ტრანსგენურ მოდელთა კლონების შექმნა ექსპერიმენტებს დიდად წადგება. ასეთ შემთხვევებში, ყველა ცხოველი იდენტურია, რაც უფრო ადვილს ხდის ისეთ ეფექტებზე დაკვირვებას, რომლებიც სხვაგვარად შეუმჩნეველი იქნებოდა.

ტრანსგენურ პრიმატთა კლონირება ბოლო პერიოდამდე შეუძლებელი იყო, დიდწილად იმიტომ, რომ გენები ეპიგენტურად იკეტებოდნენ, როცა განაყოფიერებული უჯრედები სტრესს განიცდიდნენ.

შარშან, ჩინეთის ნეირომეცნირების ინსტიტუტმა წარმატებით მოახერხა ორი გრძელკუდა მაკაკის რეპროდუქცია, რისთვისაც სომატურ უჯრედთა ბირთვების ტრანსფერი გამოიყენა. იგივე პროცესით შექმნეს 1995 წელს სახელგანთქმული ცხვრის კლონი სახელად დოლი.

ამ შემთხვევაში, ჩინელმა მეცნიერებმა 365 კლონირებული ემბრიონი 65 სუროგატ დედას გადაუნერგეს. 16 მაიმუნი დაფეხმძიმდა, მაგრამ დაიბადა მხოლო ხუთი.

მსგავსი მეთოდის ადამიანებში გამოყენებას ეჭვქვეშ აყენებს ეთიკური საკითხები.

ცხოველური მოდელები ადამიანთა ბიოლოგიას არც ისე ადვილად ერგება, როგორც შეიძლება გვეგონოს. შესაბამისად, წარმოშობს შიშებს, რომ შედეგი შესაძლოა, ცდად არც ღირდეს.

თუმცა, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ გენური ინჟინერია შეიძლება, სინამდვილეში გამოსავალი იყოს უფრო დიდი პრობლემიდან. მათი აზრით, ეს გამოიწვევს ბიოსამედიცინო კვლევებისთვის საჭირო მაკაკების რაოდენობის შემცირებას მთელ მსოფლიოში.

ნეირომეცნიერ მუ-მინგ პოოს განცხადებით, გენეტიკური წარსულით ხელშეშლის გარეშე, პრეკლინიკური კვლევებისთვის შეიძლება საჭირო იყოს დაავადებათა ფენოტიპის მატარებელი კლონირებული მაიმუნების გაცილებით მცირე ოდენობა.

თუმცა, ამ მოსაზრებას ყველა არ ეთანხმება. ამის მიზეზად ასახელებენ საერთაშორისო გაიდლაინების არარსებობას ასეთი შემთხვევებისათვის.

ამაჟამად ჩინეთი ცდილობს გარკვეული საფუძველი მოამზადოს გენური ინჟინერიის ტექნოლოგიის ეთიკური ლიმიტებისთვის. შარშან ჩინელმა მეცნიერმა ჰი ჯიანკუიმ მთელ მსოფლიოს ამცნო სენსაციური ამბავი — CRISPR რედაქტირების ტექნოლოგიით, მსოფლიოში პირველი, გენეტიკურად მოდიფიცირებული ბავშვები დაიბადნენ.

ალბათ დრო გვეტყვის, არის თუ არა ეს ხუთი მაკაკა ახალი ეპოქის დასაწყისი ტრანსგენურ ცხოველთა მოდელებში.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.