ჩინეთმა სამი ასტრონავტი საკუთარ დაუსრულებელ კოსმოსურ სადგურზე გაგზავნა — #1tvმეცნიერება
სამი ჩინელი ასტრონავტი ჩინეთის ჯერ კიდევ დაუსრულებელ კოსმოსურ სადგურზე ავიდა. ეს ამ ქვეყნის პირველი პილოტირებული მისიაა 2016 წლის შემდეგ.
ასტონავტები მოდულ Tianhe-ში შევიდნენ, რომელიც დასრულების შემდეგ, ჩინეთის კოსმოსური სადგურის საცხოვრებელი ნაწილი იქნება. ეკიპაჟი მოდულში სამ თვეს დაჰყოფს.
კოსმოსური სადგურის მშენებლობას ჩინეთი 2022 წლის ბოლოს დაასრულებს და საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ერთადერთი ალტერნატივა გახდება.
საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს ძირითადად აშშ, რუსეთი, იაპონია, ევროპა და კანადა ამუშავებს. მისი მისიის დასრულების შემთხვევაში, ერთადერთი აქტიური ასეთი სადგური ჩინეთს ექნება.
„ამ ეტაპზე საერთაშორისო ასტრონავტთა მონაწილეობას არ განვიხილავთ, მაგრამ მომავალში ეს გარანტირებულია. დარწმუნებული ვარ, ამის სურვილი ბევრ ქვეყანას ექნება“, — განუცხადა ჟურნალისტებს ჩინეთის პილოტირებული კოსმოსური პროგრამის ხელმძღვანელმა ჟუ ჯიანპინგმა.
კოსმოსური სადგურის დასასრულებლად ჩინეთს სულ 11 მისია სჭირდება, რომელთაგან ოთხი ეკიპაჟიანი იქნება. რაკეტა Shenzhou-12, რომელმაც ასტრონავტები მოდულში აიყვანა, მესამე მისია იყო. მშენებლობა აპრილში დაიწყო, როდესაც მოდული Tianhe გაუშვეს. მისი ზომა ქალაქის ავტობუსისას ოდნავ აღემატება და ორბიტაზე პლანეტის ზედაპირიდან 380 კმ სიმაღლეზე მოძრაობს.
Shenzhou-12-ზე ასული ასტრონავტები — 56 წლის ნიე ჰაიშენგი, 54 წლის ლიუ ბომინგი და 45 წლის ტანგ ჰონგბო მოდულის ტექნოლოგიებს გატესტავენ. ასევე დააკვირდებიან, როგორ იგრძნობენ თავს კოსმოსში ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად.
საკუთარი კოსმოსური სადგურის ტექნოლოგიებზე ჩინეთი გასული ათი წლის განმავლობაში მუშაობდა; ასევე გეგმავს მისიებს მთვარეზე, მარსზე და სხვა პლანეტებზე.
2003 წლიდან დღემდე, ჩინეთმა ექვსი ეკიპაჟიანი მისია გაუშვა, რომელთა ფარგლებშიც კოსმოსში 11 ასტრონავტი გაგზავნა.
მომზადებულია reuters-ის მიხედვით.