რამდენიმე დღეში ჩინეთის რაკეტის ნარჩენები ატმოსფეროში უკონტროლოდ შემოვა — #1tvმეცნიერება
რამდენიმე დღეში ჩინეთის რაკეტის ნარჩენები ატმოსფეროში უკონტროლოდ შემოვა — #1tvმეცნიერება

29 აპრილს ჩინეთმა 30-მეტრიანი რაკეტა Long March 5B-ით დედამიწის ორბიტაზე უპილოტო მოდული გაიტანა; ეს ჩინეთის ახალი კოსმოსური სადგურის, Tianhe-ს პირველი მოდულია. რაკეტის ნაწილი უკან, დედამიწისკენ მოემართება და შეიძლება, ატმოსფეროში უკონტროლოდ, ნებისმიერ ადგილას შემოვიდეს.

რაკეტა Long March 5B ამჟამად დროებით ორბიტაზე მოძრაობს და ატმოსფეროში ერთ-ერთი ყველაზე დიდი უკონტროლო შემოსვლისთვის ემზადება. ზოგიერთი ექსპერტი შიშობს, რომ მისი ნარჩენები შეიძლება რომელიმე დასახლებულ ზონაში ჩამოვარდეს.

ატმოსფეროში შემოსვლისას, რაკეტის უდიდესი ნაწილი დაიწვება, მაგრამ შეიძლება მაინც დარჩეს ლითონის საკმაოდ დიდი ნაწილები, რომლებიც მიწაზე დაეცემა.

თავიდან რაკეტა 27 600 კმ სიჩქარით მოძრაობდა დედამიწის გარშემო, 300 კმ სიმაღლეზე. შემდეგ 80 კილომეტრით დაბლა ჩამოვიდა. გამოცემა SpaceNews-ის ცნობით, სამოყვარულო დაკვირვებები მიუთითებს, რომ ის კონტროლს არ ექვემდებარება. ამას ემატება სიჩქარეც, რაც შეუძლებელს ხდის იმის პროგნოზირებას, რა ადგილას დაეცემა დედამიწაზე.

ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტროფიზიკის ცენტრის ასტროფიზიკოსის, ჯონათან მაკდაუელის განცხადებით, დიდი ალბათობით რაკეტის ნარჩენები ზღვაში ჩავარდება, რადგან პლანეტის 71 პროცენტს ოკეანე ფარავს.

მისივე განცხადებით, რაკეტის ზოგიერთი ნაწილი ატმოსფეროში შემოსვლას გადაურჩება და ჩამოცვივა.

1990 წლის შემდეგ, ორბიტაზე 10 ტონაზე მეტი მიზანმიმართულად არაფერი დაუტოვებიათ, უკონტროლოდ შემოსვლისთვის. რაკეტა Long March 5B-ის ძირითადი ბირთვი დაახლოებით 21 ტონაა.

ამჟამად რაკეტა დედამიწის გარშემო ჩრდილოეთით ნიუ-იორკის, მადრიდისა და პეკინის გასწვრივ მოძრაობს, უკიდურეს სამხრეთით კი სამხრეთ ჩილესა და ველინგტონის თავზე; შესაბამისად, ატმოსფეროში შეიძლება ამ ზონის შიგნით ნებისმიერ წერტილში შემოვიდეს.

სიჩქარიდან გამომდინარე, მისი ორბიტის მცირე ცვლილებასაც კი დიდი გავლენა ექნება ატმოსფეროში შემოსვლის ადგილზე. დედამიწაზე მის ჩამოვარდნას 10 მაისს უნდა ველოდოთ, პლუს-მინუს ორი დღე.

მაკდაუელის განმარტებით, მას შემდეგ, რაც დედამიწაზე დაბრუნების ზუსტი დღე გაირკვევა, ექსპერტები დაცემის ადგილის პროგნოზირებას ექვსი საათით ადრე შეძლებენ.

რაკეტა 11 დაგეგმილი მისიის ფარგლებში გაუშვეს, რაც ჩინეთის კოსმოსური სადგურის მშენებლობისათვის არის საჭირო; სადგური 2022 წლის ბოლოსთვის უნდა იყოს მზად. T-ს ფორმის კოსმოსური სადგური დაახლოებით 60-ტონიანი იქნება, მნიშვნელოვნად პატარა, ვიდრე საერთაშორისო კოსმოსური სადგური, რომლის პირველი მოდულიც 1998 წელს გაუშვეს და ამჟამად 408 ტონას იწონის.

ჩინეთის კოსმოსურ სადგურს ექნება შეპირაპირების პორტი და ასევე შეეძლება ჩინურ თანამგზავრებთან შეერთება. თეორიულად შესაძლებელია ექვს მოდულამდე გაზრდა.

მომზადებულია SpaceNews-ისა და The Guardian-ის მიხედვით.