გარკვეულია სად შეიძლება ჩამოვარდეს ჩინეთის დაკარგული კოსმოსური სადგურის ნარჩენები
გარკვეულია სად შეიძლება ჩამოვარდეს ჩინეთის დაკარგული კოსმოსური სადგურის ნარჩენები

ესპანეთის, პორტუგალიის, საფრანგეთის, საბერძნეთის ან საქართველოს მოსახლეობას ყურადღება მართებს, რადგან შესაძლოა, საოცარი სანახაობა გამორჩეს.

ჩინეთის 8,6-ტონიანი კოსმოსური სადგური ტიანგუნ-1 სულ მალე კოსმოსიდან სწორედ რომელიმე ამ ქვეყნის თავზე ჩამოვარდება.

საკუთარი პირველი კოსმოსური ლაბორატორია ტიანგუნ-1 ჩინეთმა 2011 წელს გაუშვა. წარმოადგენდა პროტოტიპს, რომელზეც ჩინეთი იმედს ამყარებდა, რომ თანდათანობით მუდმივ კოსმოსურ სადგურად იქცეოდა.

ამ მისიას ხომალდი თითქმის ხუთი წლის განმავლობაში ასრულებდა — ბრუნავდა დედამიწის გარშემო და წარმოადგენდა ბაზას ჩინეთის ეროვნული კოსმოსური ადმინისტრაციის სამი მისიისთვის.

2016 წლის სექტემბერში, ჩინეთმა განაცხადა, რომ სადგურზე კონტროლი დაკარგა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ტიანგუნ-1 („ციური სასახლე“) დედამიწაზე ჩამოვარდებოდა.
ამოუხსნელი რჩებოდა, როდის და სად ჩამოვარდებოდა ხომალდი.

თავდაპირველად, ჩინელი მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ დედამიწის ატმოსფეროში უკონტროლო შესვლა 2017 წლის ბოლოს მოხდებოდა. თუმცა, საბოლოოდ, ვადამ 2018 წლის აპრილამდე გადაიწია.

იანვარში კალიფორნიულმა არაკომერციულმა ორგანიზაციამ Aerospace Corp გააკეთა პროგნოზი, რომ ტიანგუნ-1 ატმოსფეროში მარტის შუა რიცხვებში შემოვიდოდა.

რამდენიმე დღის წინ, ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ (ESA) უფრო კონკრეტული თარიღები დაასახელა — 29-მარტიდან 9 აპრილამდე პერიოდი, ჩამოვარდნის ზონად კი გამოაცხადა ნებისმიერი ადგილი ჩრდილოთის 43 გრადუსსა და სამხრეთის 43 გრადუსს შორის (პორტუგალია, ესპანეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი და ა. შ.).

უნდა აღინიშნოს, რომ ახალი პროგნოზი მაინც დიდწილად ვარაუდს ეფუძნება. ESA-ს განცხადებით, პროგნოზი „ძლიერ ცვალებადია“.

„ESA ვერ დაასახელებს ზუსტ დროსა და ადგილს“, — ნათქვამია განცხადებაში.

გამოცემა Popular Mechanics-ის ცნობით, სადგურის ორბიტიდან გამომდინარე, ატმოსფეროში ის შესაძლოა სამხრეთ ნახევარსფეროშიც შევიდეს, 43 გრადუსიანი პარალელის სიახლოვეს.

„აშშ-ის გარკვეული ნაწილი, პირინეის ნახევარკუნძული, ჩინეთი, ახლო აღმოსავლეთი, სამხრეთ ამერიკა, ავსტრალია და ახალი ზელანდია — ყველა მათგანი პოტენციური კანდიდატია“, — იუწყება Popular Mechanics-ი.

თუმცა, რამდენიმე მიზეზის გამო, პანიკის საფუძველი არ არსებობს. მოსალოდნელია, რომ 8 618-კილოგრამიანი ლაბორატორია ატმოსფეროში შესვლისთანავე დაიშლება.

„კოსმოსურ ფრენათა ისტორიის განმავლობაში, ატმოსფეროში კოსმოსური ნაგვის შემოსვლის შედეგად არავინ დაშავებულა. ცნობილია მხოლოდ ერთი შემთხვევა, როდესაც ადამიანს კოსმოსური ნარჩენი დაეცა, მაგრამ საბედნიეროდ, არ დაშავებულა“, — აცხადებს Aerospace Corp-ი.


კომპანია ასევე აქვეყნებს რუკას (ზემოთ), რომელზეც ასახულია ტიანგუნ-1-ის ჩამოვარდნის შესაძლო ადგილები. იქვე აღნიშნულია, რომ ყველაზე სავარაუდო ზონებში (ყვითლად) ნარჩენების ჩამოცვენის ალბათობა იმაზე მილიონჯერ ნაკლებია, ვიდრე ლატარიაში ჯეკპოტის მოგების. როგორც ხედავთ, ყვითელ ზონაში საქართველოც არის მოქცეული.

ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტრონომმა ჯონათან მაკდაუელმა The Guardian-ს უთხრა, რომ დედამიწის ზედაპირზე დაცემის შანსი აქვს მხოლოდ იმ ნამსხვრევებს, რომელთა წონაც 100 კილოგრამს აღემატება.

მაკდაუელის განცხადებით, ჩამოვარდნის ადგილი შეიძლება შეცვალოს ატმოსფერულ გარემოში მომხდარმა მცირე ცვლილებებმაც კი.

„ატმოსფეროში შემოჭრის ზუსტი დრო და ადგილი მხოლოდ 6-7 საათით ადრე გვეცოდინება, მაგრამ სახიფათო ნამდვილად არაფერია“, — ამბობს მაკდაუელი.

მომზადებულია Popular Mechanics-ისა და The Washington Post-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი