ჩინეთმა, საჯარო გამოცდის ფარგლებში, წყნარ ოკეანეში კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა
ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბალისტიკური რაკეტა, რომელიც ატარებდა მოჩვენებით ქობინს, პეკინის დროით 08:44 საათზე გაუშვეს და წყნარი ოკეანის ღია სივრცეში დანიშნულ ტერიტორიაზე ჩავარდა.
ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს არ დაუკონკრეტებია, თუ რა მანძილი დაფარა რაკეტამ ფრენის დროს და სად ჩავარდა ზუსტად. სამინისტრომ განაცხადა, რომ გაშვება სახალხო განმათავისუფლებელი არმიის სარაკეტო ძალების მიერ იყო წლიური წვრთნის ნაწილი და არ იყო მიმართული რომელიმე ქვეყნის ან სამიზნისკენ.
მედიის ინფორმაციით, ეს მაშინ ხდება, როდესაც ჩინეთი და რუსეთი ერთობლივ საზღვაო წვრთნებს ატარებენ იაპონიის მახლობლად მდებარე ზღვებში. პარალელურად, ჩინური მედია წერს, რომ პეკინმა რაკეტის გაშვების შესახებ ქვეყნებს წინასწარ შეატყობინა.