ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ცივილიზაციისთვის სირცხვილია, რომ 21-ე საუკუნეში ღაზაში ჰუმანიტარული კატასტროფის შეჩერება შეუძლებელია
ცივილიზაციისთვის სირცხვილია ღაზაში მიმდინარე ომი და ის, რომ 21-ე საუკუნეში ჰუმანიტარული კატასტროფის შეჩერება შეუძლებელია, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ განაცხადა.
ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ღაზაში მიმდინარე ომი კაცობრიობის ტრაგედიაა და ცეცხლი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
„კონფლიქტის გაგრძელებას ვერანაირი მიზეზი ვერ გაამართლებს. საერთაშორისო თანამეგობრობამ სასწრაფოდ უნდა იმოქმედოს და დაუყოვნებელი ცეცხლის შეწყვეტა, საომარი მოქმედებების შეწყვეტა მთავარ პრიორიტეტად აქციოს. ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფა გადაუდებელი მორალური პასუხისმგებლობაა. ჩვენ მხარს ვუჭერთ პალესტინას, გახდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფიციალური წევრი. ღაზაში მომხდარმა კატასტროფამ კიდევ ერთხელ შეახსენა მსოფლიოს, რომ აღარ შეიძლება იმ ფაქტის იგნორირება, რომ პალესტინის ტერიტორიები, დიდი ხანია, ოკუპირებულია“, – განაცხადა ვან იმ.