ჩინეთის ელჩი - „უკრაინის კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტის თაობაზე“ ჩინეთის მიერ გამოქვეყნებულმა დოკუმენტმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, უკრაინულმა მხარემაც დადებითად შეაფასა ჩინეთის ძალისხმევა
„უკრაინის კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტის თაობაზე“ ჩინეთის მიერ გამოქვეყნებულმა დოკუმენტმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, უკრაინულმა მხარემაც დადებითად შეაფასა ჩინეთის ძალისხმევა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა განუცხადა.
„უკრაინაში კრიზისი გაჭიანურდა და გამწვავდა, რის შედეგებსაც სულ უფრო აშკარად ვხედავთ. მსოფლიოს ქვეყნები, მათ შორის საქართველო, შეშფოთებულნი არიან და მხარეებს დაძაბულობის განმუხტვისკენ მოუწოდებენ. სულ უფრო მეტი რაციონალური ხმა გვესმის, რომელიც ცეცხლის შეწყვეტასა და მშვიდობას ემხრობა. კრიზისის დაწყების მომენტიდან ჩინეთი ინარჩუნებს ობიექტურ და სამართლიან პოზიციას და აქტიურად უჭერს მხარს სამშვიდობო მოლაპარაკებებს. ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა დოკუმენტი, სახელწოდებით „ჩინეთის პოზიცია უკრაინის კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტის თაობაზე“, რომელმაც საერთაშორისო საზოგადოებისგან აღიარება მოიპოვა. გარდა იმისა, რომ უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას ვაწვდით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მეშვეობით, ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ტექნიკური დახმარების პროექტისთვის 200 000 ევროს დონაციაც გავიღეთ ცოტა ხნის წინ. უკრაინაში კრიზისის დაწყების მომენტიდან უკრაინაში ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების მდგომარეობა მუდმივად არის განხილვის საგანი და ყველასთვის ნათელია, რომ თუ იქ მოხდება ბირთვული უსაფრთხოების ზომების დარღვევა და გაჟონვა, ეს იქნება ყველა ამ ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, დიდი ზიანის მომტანი. ამიტომ ჩინეთის მიერ წარმოდგენილ ამ დოკუმენტში, რომელიც შეიცავს 12 პუნქტს, ერთ-ერთი ეხება ბირთვულ უსაფრთხოებას, ხოლო კიდევ ერთი ეხება სტრატეგიულ სტაბილურობას“, – აღნიშნა ჩინეთის ელჩმა.
მისი თქმით, სტრატეგიულ სტაბილურობაში იგულისხმება ის, რომ დაუშვებელია ბირთვული ომის წარმოება ან ბირთვული ომით მუქარა.
„უკრაინულმა მხარემაც დადებითად შეაფასა ჩინეთის ძალისხმევა საომარი მოქმედებების შეწყვეტის თაობაზე, განაცხადა, რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებს და იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთთან კომუნიკაცია გაგრძელდება“, – განაცხადა ჩინეთის ელჩმა.