ჩინეთის ელჩი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გააკეთა განცხადება, რომ უსაფრთხოების, ეფექტურობის მხრივ „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას
ბოლო დღეებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ უსაფრთხოების და ეფექტურობის მოთხოვნების მხრივ ეს ორივე ვაქცინა აკმაყოფილებს ორგანიზაციის მოთხოვნებს, – ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა ლი იენიმ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით ლი იენიმ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ვიცით, რომ გადაუდებელი გამოყენების სიაში ვაქცინა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხვდება, თუ იქნება სანდო, მაღალი ხარისხის, თუ განიხილავთ ვერსიას, რომ ვაქცინამ ორგანიზაციისგან არ მიიღოს აკრედიტაცია და რას გულისხმობს ვაქცინის გადაუდებელი გამოყენების სიაში მოხვედრა“.
როგორც საქართველოში ჩინეთის ელჩმა განაცხადა, ყველა უნდა დაელოდოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საბოლოო გადაწყვეტილებას.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეფასების ეტაპზეა როგორც „სინოფარმის“ ისე „სინოვაკის“ მიმართ. ბოლო დღეებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ უსაფრთხოების და ეფექტურობის მოთხოვნების მხრივ ეს ორივე ვაქცინა აკმაყოფილებს ორგანიზაციის მოთხოვნებს. ამიტომ, მოდით, ერთად დაველოდოთ მის საბოლოო გადაწყვეტილებას და ავტორიზაციას“, – განაცხადა ლი იენიმ.