ჩინეთის საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 71-ე წლისთავს ვირტუალურად აღნიშნავს
ჩინეთის საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 71-ე წლისთავს ვირტუალურად აღნიშნავს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 71-ე წლისთავის აღსანიშნავად, საქართველოში ჩინეთის საელჩომ სპეციალური ვებგვერდი შექმნა, რომელიც 30 სექტემბერს ოფიციალურად ამუშავდა.

საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ლი იენმა და ვიცე-პრემიერმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ვიდეო მიმართვა გაავრცელეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ჩინეთის საელჩო ავრცელებს.

ჩინეთის ელჩმა ვიდეომიმართვისას 71 წლის წინ ჩინეთის მიერ დამოუკიდებლობისა და ეროვნული თავისუფლების მოპოვება და 71 წლის განმავლობაში ქვეყნის მშენებლობისა და ეროვნული აღორძინების უჩვეულო ისტორია გაიხსენა. მან აღნიშნა, რომ 2020 წელს ჩინელი ხალხი კიდევ ერთი გამოცდის ახალი კორონავირუსული ეპიდემიის წინაშე აღმოჩნდა.

„ჩინეთი ეპიდემიის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამშრომლობას აქტიურად უწყობს ხელს და როგორც პასუხისმგებლიანი, დიდი სახელმწიფო მოვალეობას საკუთარ თავზე იღებს. ჩინეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 28 წლის განმავლობაში, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები სტაბილურად და ჯანსაღად ვითარდება, სხვადასხვა დონეზე კავშირები დღითიდღე იზრდება, საქმიანი თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება, „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ფარგლებში თანამშრომლობა წინ მიიწევს, ჰუმანიტარული კავშირებიც მუდმივად ღრმავდება, წელს ეპიდემიის წინააღმდეგ ერთმანეთის მხარდამხარ ბრძოლით ორ ქვეყანას შორის არსებული ტრადიციული მეგობრობა კიდევ უფრო განმტკიცდა. ჩინური მხარე მზადაა, საქართველოსთან ერთობლივი ძალისხმევით ორმხრივი ურთიერთობების უფრო მაღალ საფეხურზე ასასვლელად და ორი ქვეყნის მოსახლეობისთვის მეტი კეთილდღეობის მისაღწევად“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.

ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა საქართველოს მთავრობის სახელით ჩინელ ხალხს სახალხო რესპუბლიკის დაარსებიდან 71-ე წლისთავი მიულოცა. მან აღნიშნა, რომ ქართული მხარე ძალიან აფასებს იმ ურთიერთობას, რომელიც საქართველოსა და ჩინეთს შორის ჩამოყალიბდა.

როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ჩინეთი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც მასთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. მან ასევე აღნიშნა, რომ ქართულ მხარეს კარგად ახსოვს, რთულ პერიოდში ჩინეთი საქართველოს მხარში დაუდგა და დაეხმარა. ბოლო წლებში ჩინეთ-საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული თანამშრომლობა აქტიურად ვითარდება, რაც ქართველ და ჩინელ ხალხს ერთმანეთთან კიდევ უფრო აახლოებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურება. ცოტა ხნის წინ, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ ერთ მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.

ვიცე-პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს, ჩინეთის და საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი ძალისხმევით პანდემიას მალე დავამარცხებთ და სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა უფრო ნაყოფიერ შედეგებს გამოიღებს.

ჩინელ ხალხს, ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, ვიდეომილოცვები ასევე გაუგზავნეს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, არჩილ კალანდიამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩინეთის კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა, ჯემალ ფუტკარაძემ, მედია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ პრეზიდენტმა, მალხაზ გულაშვილმა, საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, გიორგი ვერულიძემ, თბილისის ღია უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი ამილახვარმა, საქართველოს სინოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა, მარინე ჯიბლაძემ, პოლიტიკის, განათლების, მედიის და სხვა სფეროების წარმომადგენლებმა.

„კოვიდ-19“-ის ეპიდემიის გამო, ჩინეთის საელჩო საქართველოში ეროვნულ დღესასწაულს ვირტუალური ფორმით პირველად აღნიშნავს.