ლი იენი - ტრადიციული მეგობრობის განმტკიცებით ერთად უკეთეს მომავალს შევქმნით
ლი იენი - ტრადიციული მეგობრობის განმტკიცებით ერთად უკეთეს მომავალს შევქმნით

საქართველოში ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლი იენი ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 28 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„დღეს ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 28 წელი შესრულდა. ჩინეთ-საქართველოს შორის მეგობრობის ტრადიციას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. უძველესი აბრეშუმის გზა ჩინელი და ქართველი ხალხის მეგობრული კავშირის მოწმეა. ჩინეთი მე-12 საუკუნის ცნობილი ქართველი პოეტის შედევრში – „ვეფხისტყაოსანშიც“ არის ნახსენები. 1992 წლის 9 ივნისს, ორი ქვეყნის მთავრობების წარმომადგენლებმა თბილისში „ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ერთობლივ კომუნიკეს“ ხელი მოაწერეს. ამ მომენტიდან ჩინეთ-საქართველოს მეგობრულ ურთიერთობებში ახალი ფურცელი გადაიშალა. 28 წლის მანძილზე, ორი ქვეყნის მთავრობების ყურადღებიანი ხელმძღვანელობისა და ორი ერის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები სტაბილურად და ჯანსაღად განვითარდა, ხოლო სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობამ ნაყოფიერი შედეგები გამოიღო“,- ნათქვამია ელჩის განცხადებაში.

როგორც ელჩი აღნიშნავს, ჩინეთი და საქართველო მუდამ თანასწორუფლებიანი და ერთმანეთის მიმართ ნდობით გამსჭვალული, მეგობარი სახელმწიფოები იყვნენ. ჩინეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა.

დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ კი, მუდამ მხარს ვუჭერთ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, პატივს ვცემთ ერთმანეთის მიერ არჩეულ საზოგადოებრივ წყობილებასა და განვითარების გზას, თანასწორუფლებიანობისა და ურთიერთსარგებლობის პრინციპზე დაყრდნობით ვავითარებთ საერთაშორისო თანამშრომლობას, ერთად ვქმნით დიდ და პატარა სახელმწიფოებს შორის თანასწორუფლებიანი მოპყრობისა და ჰარმონიული თანაცხოვრების ბრწყინვალე მაგალითს. ჩინეთი და საქართველო კარგი პარტნიორები არიან, რასაც სარგებელი ორივე მხარისთვის მოაქვს. ჩვენი ქვეყნები ენერგიულად თანამშრომლობენ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ მშენებლობაში. ჩინური კომპანიები აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს ინფრასტრუქტურის, ვაჭრობის, ინვესტიციების, ელექტროენერგიის, ინდუსტრიული ზონების, სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროების მშენებლობაში. მათ საქართველოში არა ერთი მაღალხარისხოვანი პროექტი განახორციელეს რკინიგზის, საავტოობილო გზების, გვირაბების, ხიდების მშენებელობის მიმართულებით და დიდი რაოდენობით სამუშაო ადგილებიშექმნეს. ჩინეთი მზად არის საქართველოს საჭიროებებსუპასუხოს. განხორციელდა უსასყიდლო დახმარების პროექტები, მაგალითად საბაჟო კონტროლის დანადგარების, ბოსტნეულის სათბურების, ფაროსანას საწინააღმდეგო აღჭურვილობის და სხვა პროექტები. ქართული მხარის ორგანიზებით სამჯერ წარმატებით ჩატარდა თბილისის აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმი, სადაც მთელი მსოფლიოს მოაზროვნეებმა მოიყარეს თავი და „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ თანამშრომლობის განვითარებისთვის რჩევები და გეგმები შეიმუშავეს. ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომელიც ამ სახის პირველი შეთანხმებაა ჩინეთსა და ევრაზიის რეგიონის სხვა ქვეყანას შორის. მან ორმხრივი ვაჭრობის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისას ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა თუ სულ რაღაც 3.68 მილიონი აშშ დოლარი იყო, ამ მაჩვენებელმა დღეს უკვე 1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ჩინელი მომხმარებელი სულ უფრო მეტ ხარისხიან ქართულ ნაწარმს ეცნობა და იძენს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ წელს ეპიდემიის გამო საქართველოს საგარეო ვაჭრობის კლების ფონზე, ჩინეთ-საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა პირველი ოთხი თვის მონაცემებით 8.9%-ით გაიზარდა და ზრდის ტენდენცია შენარჩუნდა“,- წერს საქართველოში ჩინეთის ელჩი.

მისი განცხადების მიხედვით, ჩინეთი და საქართველო, როგორც მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და ბრწყინვალე ცივილიზაციის მქონე უძველესი ქვეყნები, ერთმანეთისგან ბევრს სწავლობენ.

„ჩვენს ხალხებს ერთმანეთის ცივილიზაციისა და ისტორიის მიმართ დიდი ინტერესი აქვთ. დღეს ჩინეთსა და საქართველოს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობა აქტიურად მიმდინარეობს. ლიტერატურული და სამხატვრო დასები ხშირად ახორციელებენ ურთიერთვიზიტებს. თანამშრომლობა განათლების, მეცნიერების, სპორტის, კინოსა და ტელევიზიის, ახალი ამბების, გამომცემლობის და სხვა სფეროებში უწყვეტად ღრმავდება. ჩინეთის მიერ დაარსებული ორი კონფუცის ინსტიტუტი საქართველოში ჩინური ენის ბრწყინვალე სპეციალისტებს ამზადებს. ყოველწლიურად ათობით ქართველ სტუდენტს ჩინეთის სამთავრობო სტიპენდიის და კონფუცის ინსტიტუტის სტიპენდიის მოპოვებისა და ჩინეთში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ეძლევა. საქართველოს მთავრობა ჩინური ენის ეროვნულ სასწავლო პროგრამაში შეტანას აპირებს, რაც ორ ქვეყანას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას უზრუნველყოფს. „ღვთის მიერ ნაბოძები მიწა“, „ღვინის სამშობლო“ – ეს მეტსახელები უფრო და უფრო მეტ ჩინელ ტურისტს იზიდავს. 2019 წელს საქართველოში თითქმის 50 ათასმა ჩინელმა ტურისტმა იმოგზაურა, რაც წინა წელთან შედარებით 50.9%-ით მეტია“,- აცხადებს ჩინეთის ელჩი.

ელჩი ლი იენი აღნიშნავს, რომ წელს ჩინეთ-საქართველოს მეგობრული ურთიერთობები და ურთიერთსარგებლიანი თანამშრომლობა ახალი კორონავირუსული ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში კიდევ უფრო უკეთ წარმოჩინდა და გაიზარდა.

„ჩინეთმა ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ქართული საზოგადოების მხარდაჭერა და თანაგრძნობა მოიპოვა. საქართველოში ეპიდემიის დაწყების მომენტიდან, „კაცობრიობის ერთობლივი განვითარებისთვის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ კონცეფციაზე დაყრდნობით, ჩინეთმა საქართველოსთან ეპიდემიის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამშრომლობა აქტიურად დაიწყო, ეპიდემიის პრევენციის, კონტროლისა და მკურნალობის გამოცდილება ქართულ მხარეს უანგაროდ გაუზიარა; ქართული მხარისთვის ექსპერტთა ვიდეო კონფერენცია სამჯერ მოაწყო; ნიღბები, რეაქტივების ნაკრებები, ხელთათმანები, დამცავი სამოსი და სხვა აუცილებელი სამედიცინო ნივთები საჩუქრად გადასცა. საქართველოში ჩინეთის მოქალაქის მხრიდან ვირუსის გავრცელების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ჩინეთის მოქალაქეებს თავიანთი წვლილი შეაქვთ საქართველოში ეპიდემიის წარმატებულ პრევენციასა და კონტროლში. ამავდროულად, ორ ქვეყანას შორის საქმიანი თანამშრომლობის ხელშეწყობით ვცდილობთ ეპიდემიით გამოწვეული უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას. ჩინურ კომპანიებს, რომლებიც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობაში არიან ჩართულნი, გაძლიერებული დამცავი ღონისძიებების პირობებშიც კი, ერთი დღითაც არ შეუწყვეტიათ მუშაობა, ისინი რეალური მოქმედებებით ხელს უწყობენ საქართველოს ეკონომიკის აღდგენას. ჩვენ გვაქვს საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ეპიდემიის წინააღმდეგ მხარდამხარ ბრძოლაში შედუღებული ჩინეთ-საქართველოს მეგობრობა, ეპიდემიის დასრულების შემდეგ უფრო დიდი ძალით გამოთავისუფლდება და ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში საქმიანი თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტ ნაყოფიერ შედეგს მოიტანს. „ორ ნაპირს შორის წყალუხვი სივრცე გაშლილა, აფრების ასაშვებად სწორედაც, რომ საუკეთესო დროა“. გასული წლის მაისში, საქართველოში ვიზიტით მყოფმა ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს წევრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იმ განაცხადა, რომ ჩინეთი და საქართველო ყოველმხრივ ღია სავაჭრო პარტნიორები, თანასწორუფლებიანი და ურთიერთსარგებლიანი საინვესტიციო პარტნიორები და ურთიერთდაკავშირებული სატრანსპორტო პარტნიორები უნდა იყვნენ, რასაც საქართველოს მეთაურებმა მხარი დაუჭირეს. ჩინეთი მზადაა, ქართულ მხარესთან ერთად სისრულეში მოიყვანოს ორი ქვეყნის ლიდერებს შორის მიღწეული მნიშვნელოვანი შეთანხმება და თანასწორუფლებიანობის, ურთიერთსარგებლობისა და თანამშრომლობის საფუძველზე გააგრძელოს ორმხრივი ურთიერთობების განვითარება; მზადაა მტკიცედ გამოიყენოს “ერთი სარტყელი, ერთი გზის” პროექტის ისტორიული შესაძლებლობები და „ერთობლივი მსჯელობის, ერთობლივი მშენებლობისა და ერთობლივი სარგებლის“ პრინციპზე დაყრდნობით უფრო მეტად განამტკიცოს პოლიტიკური ურთიერთნდობა, სრულად გამოიყენოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ბოლომდე აითვისოს საქმიანი თანამშრომლობის პოტენციალი, გააფართოვოს თანამშრომლობის წყაროები, გააღრმავოს კულტურული ურთიერთობები, გააძლიეროს საერთაშორისო თანამშრომლობა, ყველაფერი იღონოს ორი ქვეყნის ხალხებისთვის უფრო მეტი კეთილდღეობისა და ჩინურ-ქართულ ურთიერთობებში უკეთესი მომავლის შესაქმნელად“, – აღნიშნულია ელჩის განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ჩინეთის საელჩო ავრცელებს.