ჩინეთის ელჩი - ჩინეთის შუამავლობით საუდის არაბეთსა და ირანს შორის გარღვევა და უკრაინის კრიზისის დარეგულირების დოკუმენტი უსაფრთხოების გლობალური ინიციატივის პრაქტიკაში განხორციელების მექანიზმია
ჩინეთის ელჩი - ჩინეთის შუამავლობით საუდის არაბეთსა და ირანს შორის გარღვევა და უკრაინის კრიზისის დარეგულირების დოკუმენტი უსაფრთხოების გლობალური ინიციატივის პრაქტიკაში განხორციელების მექანიზმია

ჩინეთის შუამავლობით საუდის არაბეთსა და ირანს შორის მიღწეული გარღვევა და ჩინეთის 12-პუნქტიანი დოკუმენტი უკრაინის კრიზისის დარეგულირებასთან დაკავშირებით არის უსაფრთხოების გლობალური ინიციატივის პრაქტიკაში განხორციელების მექანიზმი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა განუცხადა.

„თუ დიპლომატიის გადმოსახედიდან განვიხილავთ, 12-პუნქტიანი დოკუმენტის პირველი პუნქტი ეხება სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას. მისი შინაარსი არის საკმაოდ მდიდარი. ჩინეთი ინარჩუნებს ობიექტურ და სამართლიან პოზიციას, აქტიურად უჭერს მხარს სამშვიდობო მოლაპარაკებებს და კრიზისის მოსაგვარებლად კონსტრუქციულ როლს თამაშობს. როგორც აღვნიშნეთ, ჩვენ მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი 12 პუნქტს მოიცავს. მათ შორისაა სუვერენიტეტის პატივისცემა, „ცივი ომის“ მენტალიტეტის უკუგდება, საომარი მოქმედებების შეწყვეტა, სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება, ბირთვული უსაფრთხოება, ცალმხრივი სანქციების გაუქმება და ა.შ. ამ დოკუმენტის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას“, – განაცხადა ჭოუ ციენმა.

როგორც ჩინეთის ელჩმა აღნიშნა, ოფიციალური პეკინის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი აქცენტს აკეთებს სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემაზე, გაერო-ს წესდების მიზნებისა და პრინციპების დაცვაზე, უსაფრთხოების შესახებ სახელმწიფოთა ლეგიტიმური წუხილის გათვალისწინებაზე, ამასთან, მიესალმება ყველა მცდელობას, რომელიც ხელს შეუწყობს უკრაინაში კრიზისის პოლიტიკურ გადაწყვეტას.

„საქართველო უკრაინასთან ახლოსაა და როგორც ვიცი, ბევრი ქართველი მოხალისე იბრძვის უკრაინის კონფლიქტში და ყველასთვის აშკარაა, რომ რთულია ამ კონფლიქტის პოლიტიკის გზით გადაწყვეტა. საკითხის სირთულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მას, ვინც შუამავლის როლს შეასრულებს, ჰქონდეს ნეიტრალური პოზიცია. ჩინეთს კრიზისის დაწყების მომენტიდან არცერთი მხარისთვის, არც უკრაინული და არც რუსული მხარისთვის იარაღი არ მიუწოდებია. კონფლიქტამდე პერიოდში კი მას ძალიან კარგი სავაჭრო-ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები ჰქონდა ორივე ქვეყანასთან. ამიტომ ჩინეთს, როგორც ნეიტრალურ მხარეს, შეუძლია, კარგად შეასრულოს შუამავლის როლი. მნიშვნელოვანია, რომ რომელიმე მხარისკენ არ უნდა გადაიხაროს. თუ ჩვენ მიერ წარმოჩენილი დოკუმენტი რომელიმე მხარის ინტერესებისკენ გადაიხრება, მაშინ უკვე ეს დოკუმენტი დაკარგავს თავის ეფექტურობას. ეს შეთავაზება უნდა იყოს კონფლიქტის ორივე მხარისთვის თანაბრად მისაღები. ჩვენი პოზიცია, რეალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არის ობიექტური და სამართლიანი და როგორც პრეზიდენტმა სი ძინპინმა აღნიშნა, ისტორიამ გვანახა, რომ ნებისმიერ კონფლიქტი, საბოლოო ჯამში, მშვიდობის გზით უნდა დარეგულირდეს“, – აღნიშნა ჭოუ ციენმა.

როგორც ჩინეთის ელჩმა აღნიშნა, პირადად მისი აზრით, ამ მომენტისთვის მთავარი მიზანია, შეწყდეს ცეცხლი და ორივე მხარე დაჯდეს ერთმანეთთან მოსალაპარაკებლად.

„ამის შემდეგ უკვე შეიძლება, მომავალში გამოჩნდეს რაღაცები. სწორედ ამიტომ პუტინთან შეხვედრის დროს, როდესაც სი ძინპინმა და პუტინმა განიხილეს უკრაინის საკითხი, მან აღნიშნა, რომ რაც უფრო მწვავეა კონფლიქტი, მით უფრო მეტი სივრცე უნდა დარჩეს მშვიდობისთვის. მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ არც უკრაინულ და არც რუსულ მხარეს უარი არ უთქვამთ ჩინეთის ამ 12-პუნქტიან წინადადებაზე. რუსული მხარე მიესალმა ჩინეთის კონსტრუქციულ წინადადებებს. ასევე, აღვნიშნავთ, რომ ჩვენ ვეწინააღმდეგებით ნებისმიერი ქვეყნის ან ქვეყნების ჯგუფების მიერ სამხედრო, პოლიტიკური და სხვა მცდელობებით სხვა ქვეყნების უსაფრთხოების ლეგიტიმური ინტერესებისთვის ზიანის მიყენებას და ხაზს ვუსვამთ, რომ პასუხისმგებლიანი დიალოგი პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზაა. ჩინური მხარე მთელი ამ ხნის განმავლობაში აქტიურად ინარჩუნებს კომუნიკაციას უკრაინულ მხარესთან. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბევრჯერ ჰქონდა შეხვედრა და საუბარი უკრაინელ კოლეგასთან. ვფიქრობ, რომ ასეთი დიალოგი მომავალშიც გაგრძელდება. ვფიქრობ, ეს ხელს უწყობს როგორც უკრაინის, ისე მეზობელი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს ინტერესებს“, – განაცხადა ჭოუ ციენმა.

მისი თქმით, ჩინეთი მომავალშიც შეუწყობს ხელს სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და ცეცხლის შეწყვეტას.

„ჩინეთის „დიდი ქვეყნის დიპლომატია“ ახალ ეპოქაში პასუხისმგებლობით უდგება მწვავე საერთაშორისო პრობლემების გადაწყვეტას. კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო, რომ გლობალური უსაფრთხოების ინიციატივაში, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, ერთ-ერთი პუნქტი ეხება მწვავე საერთაშორისო ე.წ. ცხელი საკითხების პოლიტკის გზით გადაწყვეტას და, ვფიქრობ, ჩინეთის შუამავლობით საუდის არაბეთსა და ირანს შორის მიღწეული გარღვევა და ჩინეთის 12-პუნქტიანი დოკუმენტი უკრაინის კრიზისის დარეგულირებასთან დაკავშირებით არის უსაფრთხოების გლობალური ინიციატივის პრაქტიკაში განხორციელების მექანიზმი“, – აღნიშნა ჭოუ ციენმა.