ჩინეთის დიდი კედლის ზოგიერთი ნაწილი მტრისგან თავდაცვისთვის არ აშენებულა — ახალი კვლევა
ჩინეთის დიდი კედლის ჩრდილოეთ სეგმენტი არა მტრის შემოსევებისგან თავის დასაცავად, არამედ მოქალაქეთა გადაადგილების მონიტორინგის მიზნით აშენდა. ამის შესახებ ისრაელელ არქეოლოგთა მიერ ჩატარებული კვლევა იუწყება.
მკვლევართა ეს ჯგუფი პირველია, რომელმაც კედლის 740 კილომეტრიანი ჩრდილოეთ ხაზის რუკა შექმნა. შედეგებმა აქამდე არსებული მოსაზრებები შეცვალა.
„ჩვენს კვლევამდე, უმეტესობა ფიქრობდა, რომ კედლის მიზანი ჩინგიზ ხანის არმიის შეჩერება იყო“, — ამბობს იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის არქეოლოგი გიდეონ შელაჩ-ლავი, რომელიც ორწლიან კვლევას ხელმძღვანელობდა.
ჩრდილოეთ ხაზის დიდი ნაწილი მონღოლეთში მდებარეობს, სერავს ხეობებს, არის შედარებით დაბალი და გადის გზებთან ახლოს, რაც მის არასამხედრო ფუნქციაზე მიუთითებს.
„ჩვენ დავასკვენით, რომ მისი დანიშნულება უფრო ხალხისა და საქონლის მოძრაობის მონიტორინგი ან შეფერხება იყო, შესაძლოა, მათი დაბეგვრაც“, — ამბობს შელაჩ-ლავი.
მისი ვარაუდით, შუა საუკუნეების ცივ პერიოდში ადამიანები შეიძლება, სამხრეთისკენ ეძებდნენ თბილ საძოვრებს.
ჩინეთის დიდი კედელი სექციებად არის დაყოფილი და საერთო ჯამში, მისი სიგრძე ათასობით კილომეტრს შეადგენს. მშენებლობა ჩვ. წ. მესამე საუკუნეში დაიწყო და საუკუნეების განმავლობაში გასტანა.
ჩრდილოეთის ხაზს მონღოლი დამპყრობლის გამო „ჩინგიზ ხანის კედელსაც“ უწოდებენ; ის XI-XIII საუკუნეებში აშენდა და აქვს ახლო-ახლოს შეჯგუფებული 72 სტრუქტურა.
შელაჩ-ლავის ჯგუფმა, რომელიც ისრაელელი, მონღოლი და ამერიკელი მკვლევრებისგან შედგებოდა, კედლის რუკის შესაქმნელად და არტეფაქტების საპოვნელად, დრონები, მაღალი რეზოლუციის თანამგზავრული ფოტოები და ტრადიციული არქეოლოგიური ხელსაწყოები გამოიყენა.
როგორც გიდეონ შელაჩ-ლავი აღნიშნავს, ჩინეთის დიდი კედლის ჩრდილოეთ ხაზი თანამედროვე მეცნიერების მიერ დიდწილად შეუსწავლელია.
კვლევა ჟურნალ Antiquity-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.