ჩინელი მეცნიერი ჰი ჯიანკუი აცხადებს, რომ შეცვალა ადამიანის გენი ემბრიონში და ექსპერიმენტის შედეგად, გენშეცვლილი ტყუპი გოგონები დაიბადნენ. მეცნიერის თქმით, ახალშობილი ნანა და ლულუ სრულიად ჯანმრთელები არიან და სხვა ჩვილებისგან არაფრით განსხვავდებიან.
„გენეტიკური ჩარევა ხელს უწყობს, თავიდან ავიცილოთ გენეტიკური დაავადებები, ემბრიონში პრობლემური კოდი იშლება ან იცვლება“, – განაცხადა მეცნიერმა ჰონგ-კონგში გამართულ სამიტზე.
ჩინელი მეცნიერის მტკიცებით, ემბრიონში გენი მან ისე შეცვალა, რომ ახალშობილები აივ-შიდსის მიმართ რეზისტენტულები იქნებიან.
წამყვანი მეცნიერები აცხადებენ, რომ ახლა ნერვიულობისთვის კიდევ უფრო მეტი მიზეზი არსებობს. საკითხის გარშემო კი ბევრად მეტი შეკითხვა გაჩნდა, ვიდრე პასუხია. კონფერენციის ლიდერმა ამ ექსპერიმენტს უპასუხისმგებლო უწოდა. მეცნიერები მოითხოვენ, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება.
შეიძლება ითქვას, რომ უკვე სკანდალური ნაშრომი ჯერჯერობით არავის დაუდასტურებია. მის შედეგებსა და მიმდინარეობას დარგის სხვა სპეციალისტები პირადად არ იცნობენ.
უნივერსიტეტში, რომელშიც პროფესორი ჰი ჯიანკუი მუშაობს, აცხადებენ, რომ კვლევის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ და საკითხის გამოძიებას ემხრობიან. მათივე თქმით, ჰი ჯიანკუი თებერვლიდან უფასო შვებულებაშია.
ჰი ჯიანკუი ამბობს, რომ მისი ექსპერიმენტის მსვლელობაში უნივერსიტეტი არ იყო ჩართული და მან ყველა მოქმედება საკუთარი სახსრებით დააფინანსა.