ატაკამის ჩონჩხი, როგორც ხშირად უწოდებენ – ატა, ჩილეში, ატაკამის უდაბნოში აღმოაჩინეს. აქვს 10 წყვილი ნეკნი. ადამიანს კი 12 წყვილი ნეკნი აქვს. ატას თავის ქალა წვრილი, უცნაური გამონაზარდით ბოლოვდება.
მისი ძვლები 6-8 წლის ბავშვის ძვლების შესაბამისია. თუმცა, ერთი შეხედვით, ეს ასაკი მის ზომებთან აბსოლუტურად შეუსაბამოა. სიმაღლე სულ რაღაც 15 სანტიმეტრია და თუ ის ოდესმე ფეხზე დადიოდა, არ იქნებოდა გაზაფხულზე ამოსულ ენძელაზე მაღალი.
მისმა მახასიათებლებმა უმალ მიიზიდა ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე და არამიწიერ არსებებზე მონადირეები მთელი მსოფლიოდან.
ატა ნამდვილად საუცხოოა. თუმცა, უცხო ცივილიზაციებზე მონადირეებს დიდი იმედგაცრუება ელით — გენების კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ის ადამიანია. ამის შესახებ ჟურნალ Genome Research-ში გამოქვეყნებული კვლევა იუწყება.
„სრულად შევისწავლეთ ამ ინდივიდის ორგანიზმში განვითარებული მუტაციები. ყველა ჩვენგანი მუტაციებით ვიბადებით, მაგრამ ეს ადამიანი ყველაზე უიღბლო აღმოჩნდა“, — ამბობს კვლევის ავტორი, სტენფორდის უნივერსიტეტის გენეტიკოსი გარი ნოლანი.
2013 წელს ნოლანმა წარმოადგინა ჩონჩხის გენომის შავი მასალა, რომელიც ადასტურებდა, რომ ატას ადამიანის დნმ ჰქონდა. ახალი კვლევის ფარგლებში სრულად შეისწავლეს მისი გენომი და უჩვეულო მუტაციები.
ატას ისტორია ჩრდილოეთ ჩილეში იწყება, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მშრალ რეგიონში. შეიძლება ითქვას, რომ ატაკამა დედამიწისა და ცის დამაკავშირებელი მთავარი ჭიშკარია. მის მაღალ პლატოებზე NASA ტესტავს მარსმავლებს, რადგან ეს გარემო ძალიან ჰგავს წითელი პლანეტისას. გარდა ამისა, ამ რეგიონში თავმოყრილია მსოფლიოს მოწინავე ტელესკოპთა აბსოლუტური უმრავლესობა.
ცა იშვიათად იფარება ღრუბლებით და შესაბამისად, გიგანტურ ტელესკოპებს გაცილებით უადვილდებათ ღამის ცაზე ვარსკვლავთა თვალთვალი. რამდენიმე წელიწადში ამ უდაბნოში ფუნქციონირებას დაიწყებს მსოფლიოს უდიდესი ოპტიკური ტელესკოპი — ევროპის უკიდურესად დიდი ტელესკოპი (European Extremely Large Telescope), რომლის მშენებლობაც შარშან დაიწყო და რომელიც რევოლუციას მოახდენს ასტრონომიაში.
სწორედ ამ უდაბნოს ერთ-ერთი მიტოვებული სოფლის ეკლესიის სიახლოვეს, 2003 წელს იპოვეს ატას ჩონჩხი. ნოლანის თქმით, ატას ამჟამინდელმა მფლობელმა კოლექციონერმა ჩონჩხი შავ ბაზარზე შეიძინა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ყოფილი ექიმის, სტივენ გრეერის ცნობით, ატას ჩონჩხი ესპანეთში, დაცულ ადგილას ინახება. გრეერი აქტიურად მოუწოდებს მთავრობებს ამოუცნობ მფრინავ ობიექტთა შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებისკენ.
გრეერი ატას მფლობელს პირველად 2009 წელს შეხვდა, ესპანელ უფოლოგთა კონფრენციაზე.
მოლაპარაკების შემდეგ, კოლექციონერმა გრეერს ჩონჩხის ერთ-ერთი ნეკნიდან ძვლის ტვინის ნიმუშის აღების უფლება მისცა.
გრეერი ატას ზომამ გააოცა: იგი იმდენად პატარა იყო, რომ თავისუფლად მოთავსდა მის ხელის გულზე. 2013 წელს მან გადაიღო დოკუმენტური ფილმი „სირიუსი“, რომელშიც საუბარი იყო ნოლანის მიერ ჩატარებული თავდაპირველი გენეტიკური კვლევის შესახებ.
კვლევებში ნოლანი მარტო არ ყოფილა. სტენფორდის უნივერსიტეტმა სხვადასხვა დარგის ექსპერტები მოიწვია, მათ შორის უძველესი დნმ-ის შემსწავლელი მკვლევრები.
ატა სულაც არა არის უძველესი მუმია, იგი ატაკამის უკიდურესად მშრალი ჰაერის მიერ არის გამხმარი. საუკუნეთა განმავლობაში, დნმ ფრაგმენტებად იშლება. თუმცა, მის სხეულში არსებული გენეტიკური მასალა იმდენად სრულყოფილია, რომ ნოლანის თქმით, მუმიის ასაკი მხოლოდ რამდენიმე ათეული წელია.
რენტგენით შემოწმების მიზნით, ნოლანმა სტენფორდის უნივერსიტეტის რადიოლოგ რალფ ლაჩმენს მიმართა. ნოლანის თქმით, ეს ექიმი „მსოფლიო დონის ექსპერტია ძვლების დარღვევის კვლევაში“.
სხვადასხვა მახასიათებლებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ჩონჩხი 6 წლის ბავშვს ეკუთვნოდა.
შიმპანზეებისა და სხვა მაიმუნების გენომებთან შედარების შემდეგ დადგინდა, რომ ატა ადამიანია. მისი წინაპრები სამხრეთ ამერიკელები იყვნენ. ყველაზე დიდი ალბათობით, ჩილელები. ქრომოსომებიდან გაირკვა ისიც, რომ ის გოგონა ყოფილა.
ახალი კვლევის ფარგლებში გამოიყენეს მონაცემთა გიგანტური ბაზა, რომელსაც ნოლანი „ფენოტიპურ-გენეტიკურ თანაფარდობებს“ უწოდებს. ინდივიდის ფენოტიპი არის მისი მახასიათებლების ერთგვარი კოლექცია, მათ შორის სიმაღლე, თვალის ფერი და ყურის გოგირდის სინოტივე.
ფენოტიპზე გავლენას ახდენს გენები და გარემო. ატას მილიარდობით ნუკლეოტიდში, რომლებიც აგურებივით აშენებენ გენებს, მკვლევრებმა 3 მილიონი ვარიაცია გამოავლინეს.
ნოლანის განცხადებით, მონაცემთა ეს უზარმაზარი ბაზა წააგავს სოციალურ ქსელს, რომელსაც კვლევითი ორგანიზაცია იყენებს. მაგალითად, თუ კომპანია Cambridge Analytica შეაგროვებს Facebook-ზე თქვენს მოწონებებსა და არმოწონებებს, ადვილად გამოიცნობს თქვენს პოლიტიკურ შეხედულებებს.
ზუსტად იმავე პრინციპით, საკმარისი ოდენობის გენებით, მკვლევრებს შეუძლიათ გამოიცნონ, რომელ ინდივიდებს უნდა ჰქონდეთ მსგავსი ფენოტიპი. ხშირ შემთხვევებში, ატას გენები დაემთხვა ძვლის დაღრვევების მქონე ინდივიდებისას. ნოლანის თქმით, მას სულაც არ აღენიშნებოდა მუტაციათა რაიმე უჩვეულო ოდენობა.
გამონაკლისი იყო მათი კონცენტრაციის გზა.
კვლევის თანაავტორის, სან-ფრანცისკოს კალიფორნიის უნივერსიტეტის ბიოინფორმატიკის მკვლევრის, სანჩიტა ბატაჩარიას თქმით, საქმე ეხება ადამიანის უიშვიათეს ფენოტიპს.
„ატა ერთ-ერთი იმ უიშვიათესთაგანია, რომელიც ოდესმე გამოგვიკვლევია. არის მხოლოდ 15 სმ სიგრძის და აქვს ძვლის მოწინავე ასაკი“, — ამბობს ბატაჩარია.
მონაცემთა ბაზის შემქმნელის, ბიომედიცინის პროფესორ ატულ ბატის თქმით, ატას აღენიშნება ძვლოვან სისტემასთან დაკავშირებული 64 მუტაცია. მათ შორის, მეცნიერებმა აღმოაჩინეს ცილა კოლაგენის სიუხვე. ეს ცილა ჩვენს ძვლებში ზუსტად იგივე როლს ასრულებს, რასაც ფოლადი ცათამბჯენებში.
მისი თქმით, ატას გენების ისტორია მართლაც ტრაგიკულია.
„ამ ინდივიდში აღმოჩენილი მრავალი გენეტიკური მუტაციიდან გამომდინარე, საოცარია, როგორ იცოცხლა თუნდაც 6 წელი“.
ნოლანის თქმით, გამომდინარე ატას წარმომავლობიდან, სავარაუდოა, რომ დედამ ბავშვი მღვდელს ჩააბარა.
„ჩონჩხი აღმოაჩინეს ეკლესიის გვერდით მდგარ სახლში, რომელიც წინამძღოლის საცხოვრებელი უნდა ყოფილიყო. მისი სხეული მოთავსებული იყო მიცვალებულის ფორმაში, გვერდით ჩაწყობილი ხელებით. როგორც ჩანს, ის თანდათან დაავიწყდათ, როცა მღვდელი მოკვდა“, — ამბობს ნოლანი.
როგორც იგი აღნიშნავს, სულაც არ ნანობს 5-წლიან კვლევაში საკუთარი ჯიბიდან დახარჯულ 50 000 დოლარს და ნახევარი მილიონის ღირებულების დროს.
„ახლა უკვე ვიცით, რომ არსებობს გენების განსაკუთრებული წყება, რომლებიც ძვლების სწრაფ ზრდას იწვევს“.
იგი იმედოვნებს, რომ ამ ცოდნის გამოყენება შესაძლებელი გახდება ძვლების მკურნალობის სფეროში.
და ბოლოს, ნოლანს მიაჩნია, რომ ატას ამბავი იქ უნდა დასრულდეს, სადაც დაიწყო.
„ალბათ უპრიანია, ჩონჩხი ჩილეში დავაბრუნოთ. როგორც ადამიანი, ნამდვილად იმსახურებს, რომ სამარხი ვაღირსოთ“.
მომზადებულია The Washington Post-ის მიხედვით