საქართველოს თასის მფლობელი ფეხბურთში, საჩხერის “ჩიხურა” თურქულ შეკრებაზეა და პირველი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა. სოსო ფრუიძის გუნდის მეტოქე ესტონეთის ვიცე-ჩემპიონი ტალინის „ლევადია“ გახლდათ.
ესტონელები პირველ ტაიმში დაწინაურდნენ – საჩხერელებმა წონასწორობა მალე აღადგინეს. თუმცა, ტაიმის დასრულებამდე „ლევადიამ“ კიდევ ორი გოლი გაიტანა და შესვენებამდე „ჩიხურა“ 1:3 აგებდა.
მეორე ნახევარში ესტონელებმა საჩხერელთა კარის აღება კიდევ ორჯერ მოახერხეს და საბოლოოდ, საქართველოს თასის მფლობელი 1:5 დამარცხდა.
შემდეგ საკონტროლო შეხვედრას საჩხერელები 12 თებერვალს პოლონურ „პოდბესკიჟესთან“ გამართავენ, სადაც ახლახან ქუთაისის „ტორპედოდან“ გუგა ფალავანდიშვილი გადავიდა.