„როდესაც მაღაროს სიღრმეში შედიხარ და საკუთარი თვალით ნახულობ, როგორ მუშაობენ ადამიანები, ეს ყველაფერი ძალიან დიდ ემოციურ გავლენას ახდენს. განცდა მქონდა, რომ უნდა მომეყოლა ამბავი, რომელიც ასეთი დაფარულია ყველასთვის“ – ეს სიტყვები ქართველ ფოტოგრაფ დარო სულაკაურს ეკუთვნის, რომელმაც ჭიათურის მაღარო მოინახულა და მაღაროელების ისტორიები საზოგადოებას ფოტოებად უამბო.
დარო სულაკაურის ფოტოპროექტით – „შავი ოქრო“ – National Geographic-ი დაინტერესდა.
ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიის ავტორი მთების შუაგულში მდებარე ჭიათურის მაღაროს მისტიკურ და სიურრეალისტურ გარემოზე ამახვილებს ყურადღებას და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მაღაროელთა უმრავლესობა მთის ფერდობზე მდებარე სახლებში ცხოვრობს.
„მაღაროელების დიდი ნაწილი მთის ფერდობზე მდებარე სახლებში ცხოვრობს. გრუნტის მარტივად ამოსაღებად, გვირაბებში ხშირად ასაფეთქებელ მოწყობილობებს იყენებენ. აფეთქების ტალღები აზიანებს სახლების საძირკველს. დარო სულაკაურის ფოტოები ადასტურებს, რომ კედლები დაზიანებულია, ხოლო იატაკი და სახურავი – სუსტი.
მაღაროში ქალებიც მუშაობენ. ისინი ტერიტორიას ასუფთავებენ. და ჯანდაცვის პირობები და უსაფრთხოების ძირითადი ზომები უარყოფილია. სიცხის გარდა, პრობლემაა ღარიბული ელექტროგაყვანილობა. ოთახებში წყალი ჟონავს, ხოლო სახურავზე, კედლებსა და იატაკზე უზარმაზარი ღრმულებია“, – ვკითხულობთ სტატიაში.
გარდა ამისა, National Geographic-ი წერს იმ მოძველებულ ტექნიკაზე, რომლითაც მაღაროელები სარგებლობენ.
„გარდა მაღაროს ვიწრო გვირაბებისა, ცალკე ღირსშესანიშნაობაა ჟანგიანი ბაგირიანი მანქანები. სამანქანო სისტემა, რომელიც სტალინის ეპოქაშია აგებული, მოძველებულია“, – აღნიშნულია სტატიაში.
კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც სტატიის ავტორი ამახვილებს ყურადღებას, დასაქმებულების შრომითი პირობებია.
„მაღაროელების ხელფასი 700 ლარია, ამბობს სულაკაური. შრომის ინსპექცია ხშირად არის გაუმართავი და მაღაროელების გაფიცვა მხოლოდ მცირედით აუმჯობესებს ხოლმე მათ მდგომარეობას“, – წერს სტატიის ავტორი.