ჭიათურაში საბაგირო გზის მშენებლობის დასკვნითი ფაზისთვის სპეციალისტები პარიზიდან ჩავიდნენ
ჭიათურაში საბაგირო გზის მშენებლობის დასკვნითი ფაზისთვის სპეციალისტები პარიზიდან ჩავიდნენ

ჭიათურის საბაგირო გზების მშენებლობის სამუშაოს დასრულების მიზნით, საქართველოში ფრანგული კომპანიების „ტექკაბელის“ და „პომას“ სპეციალისტები ჩამოვიდნენ.

მშენებლობის პროექტი, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, საბაგირო გზებისა და სადგურების სრულ რეკონსტრუქციას ითვალისწინებს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, დასრულებულია კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა და ორი მიმართულებით ბაგირის მონტაჟი, დაგეგმილი სამუშაო კი ბაგირის დანარჩენი ორი მიმართულების მშენებლობას, ოთხივე სადგურის ტესტირებას და უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფას გულისხმობს.

უწყების ცნობით, ბოლო ეტაპის დასრულების შედეგად, სრულად აღდგება ცენტრალური სადგური და მისგან გამავალი ოთხი მიმართულება.

„ჭიათურის საბაგირო გზების მშენებლობაზე მომუშავე ფრანგული კომპანიების „ტექკაბელის“ და „პომას“ სპეციალისტები სამშობლოში მარტის თვეში Covid-19-ის პანდემიის შედეგად შექმნილი სიტუაციის გამო დაბრუნდნენ, ბიზნეს ვიზიტორებისთვის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ კი საქართველოში პირველივე რეისით ჩამოვიდნენ.

ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ, საქმიანი ვიზიტებით ჩამოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, მუნიციპალური განვითარების ფონდის კონტრაქტორი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ჩამოსვლისთანავე, თბილისის აეროპორტში გაიარეს PCR ტესტირება და მიიღეს ექიმის დასკვნა.

ფრანგი სპეციალისტები საბაგირო გზის მშენებლობაში დღესვე ჩაერთვებიან და საბჭოს მიერ დადგენილი წესით, 14 დღის განმავლობაში, 3 დღეში ერთხელ გაივლიან PCR ტესტირებას. ასევე, სამუშაოების წარმოებისას დაცული იქნება საქართველოში მოქმედი ყველა რეგულაცია. სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას, კერძოდ, ბაგირების მონტაჟისა და სადგურების ტესტირების პერიოდში, უსაფრთხოების მიზნით, ქალაქ ჭიათურის ნაწილს დადგენილი პერიოდულობით შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება. მუნიციპალური განვითარების ფონდი ჭიათურის საბაგირო გზების მშენებლობის სამუშაოებს მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაასრულებს“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.