საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ჭიათურაში საბაგირო გზების მშენებლობას მიმდინარე წლის ბოლოს დაასრულებს. პროექტი საქართველოს და საფრანგეთის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 40 მილიონ ლარს აღწევს.
„ჭიათურის მოსახლეობა დიდი ხანია, ელოდება ამ პროექტის დასრულებას. სამუშაოები ითვალისწინებს საბაგირო გზებისა და სადგურების რეკონსტრუქციას. სრულად აღდგება ცენტრალური სადგური და მისგან გამავალი ოთხი მიმართულება. რევერსიული, გონდოლებიანი საბაგირო გზის მოწოდება ფრანგულმა კომპანია POMA-მ უზრუნველყო. პროექტის განხორციელებისას იყო სირთულეები, როგორც კონტრაქტორთან, ასევე სუბკონტრაქტორთან დაკავშირებით. ამ დროისთვის, კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა პრაქტიკულად დასრულებულია და დარჩენილია მხოლოდ ბაგირების გაჭიმვა. აღნიშნულ პროცესში უკვე ჩართულია ფრანგული კომპანია „ტექ-კაბელი“ და სამუშაოების დასრულებას მიმდინარე წლის ბოლოს ვვარაუდობთ“, – განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, საბაგირო ტრანსპორტი, ჭიათურის მთა-გორიან რელიეფზე, მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან გადაადგილების ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა. ყოფილ საბჭოთა კავშირში, პირველი სამგზავრო საბაგირო გზა, სწორედ ჭიათურაში აშენდა. ჯერ კიდევ 90-იან წლებში არსებული ხაზები და გონდოლები ვეღარ აკმაყოფილებდა თანამედროვე მოთხოვნებს, უფრო მეტიც, ხანგრძლივად ექსპლუატაციის გამო საფრთხეს უქმნიდა მგზავრებს. პროექტის დასრულების შემდეგ კი, ეკოლოგიურად სუფთა, ახალი სამგზავრო-საბაგირო ტრანსპორტით, ადგილობრივები და ჭიათურის სტუმრები უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებენ გადაადგილებას.