ჭიათურაში საბაგირო გზების სისტემებისა და სადგურების განახლება გრძელდება. სამშენებლო სამუშაო ჭიათურაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის დასრულების შემდეგ, ეკოლოგიურად სუფთა, ახალი სამგზავრო-საბაგირო ტრანსპორტით, ადგილობრივები და ჭიათურის სტუმრები წლის ბოლოს ისარგებლებენ.
სამინისტროს განმარტებით, სამი ათეული წელია ხაზები და გონდოლები ვეღარ აკმაყოფილებდა თანამედროვე მოთხოვნებს და საფრთხეს უქმნიდა მგზავრებს. ამიტომ, სამგზავრო საბაგიროს მუშაობა 2016 წელს შეწყდა. საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერით, გასულ წელს საბაგირო გზებისა და სადგურების რეკონსტრუქცია დაიწყო. პროექტის თანახმად, სრულად აღდგება ცენტრალური სადგური და მისგან გამავალი სამი მიმართულება. გზის საერთო სიგრძე 3 428 მეტრია. რევერსიული, გონდოლებიანი საბაგირო გზის მიწოდება ფრანგულმა კომპანიამ Pomagalski უზრუნველყო.
პროექტის საერთო ღირებულება 40 მილიონ ლარს აღწევს.
საბაგირო ტრანსპორტი, ჭიათურის მთა-გორიან რელიეფზე, მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან გადაადგილების ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა.