ჭიათურაში მაღაროელებს სკოლის დირექტორები და მოსწავლეები სოლიდარობას უცხადებენ
შიმშილობის მეთერთმეტე დღე ჭიათურაში. გაფიცული მაღაროელები პროტესტს არ წყვეტენ და კვლავ სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასის 50 პროცენტით გაზრდას ითხოვენ.
გაფიცულ მაღაროელებს მხარდაჭერა დღეს სკოლის მოსწავლეებმა გამოუცხადეს. ჭიათურის შვიდი საჯაროს სკოლის მოსწავლეები აქციის მონაწილეებთან ერთად ქალაქის მერიასთან იმყოფებიან. მაღაროელებს მხარდაჭერა რამდენიმე სკოლის დირექტორმა და რესურსცენტრის ხელმძღვანელმაც გამოუცხადა.
„ჭიათურის სკოლებში სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა. თუმცა ბავშვების ნაწილი სკოლებში არ გამოცხადდა. მშობლებმა უარი თქვეს ბავშვების სკოლაში წაყვანაზე.
მე მოვედი, რათა სოლიდარობა გამოვუცხადო მაღაროელებს. მამაჩემი იყო მაღაროელი და მე ვიცი, თუ რა მძიმე შრომაა მათთვის ეს.
სასწავლო პროცესის არ შეწყდება და პედაგოგები მაღაროელების გვერდზე სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ დადგებიან“, – განაცხადა ჭიათურის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნუგზარ მიროტაძემ.