„ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში, ბათუმში დღეს საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი გაიხსნა
„ჩექ ინ ჯორჯიას“ (Check In Georgia) ფარგლებში, დღეს ბათუმში საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი – Ad Black Sea 2019 გაიხსნა.
წელს ფესტივალი დაარსებიდან ხუთი წლის იუბილეს აღნიშნავს. Ad Black Sea 2015 წელს დაიწყო და მისი მასშტაბი ყოველწლიურად იზრდება.
Ad Black Sea ფესტივალის ფარგლებში მარკეტინგით და რეკლამით დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ საერთაშორისო დონის სემინარებს, ვორკშოპებს. მიიღონ უახლესი ინფორმაცია რეკლამის ინდუსტრიაში არსებული ტენდენციების შესახებ, გაიფართოვონ პროფესიული წრე, გაიცნონ სფეროს პროფესიონალები.
ფესტივალის ხუთი წლის იუბილესთან დაკავშირებით, ორგანიზატორების ინიციატივით საქართველოში ოცამდე ცნობილი სპიკერი ჩამოვიდა, ხოლო ჟიური, რომელიც ნამუშევრებს სხვადასხვა კატეგორიაში შეაფასებს, ოცდაათამდე პროფესიონალისგან შედგება.
„საპატიო სტუმრების სიაში არიან: მაიკლ კონრადი – ბერლინის კრეატიული სკოლის დამფუძნებელი, ბრაზილიელი ლეგენდა მარსელო სერპა, იაპონური სააგენტოს „ჰაკუჰოდოს“ კრეატიული დირექტორი კენტარო კიმურა, ჩინეთში „ფეისბუქის“ კრეატიული მიმართულების ხელმძღვანელი კიტი ლუნი, ესპანეთის წამყვანი სააგენტოების ლიდერები ჩაჩო პუებლა და მიგელ სიმოესი, ცნობილი სააგენტოს – TBWA/Manchester დირექტორი ლორნა ჰოუთინი ბრიტანეთიდან, ჰერმან ვასკე თავისი ფილმით კრეატივის შესახებ, რომელსაც წლების მანძილზე იღებდა ყველაზე პრესტიჟული მაიამის სარეკლამო სკოლის თანადამფუძნებელი ნიკლას-ფრინგს რუპი“, – აცხადებენ ორგანიზატორები.
დელეგატები სტუმრებისგან სემინარებს მოისმენენ. პარალელურად, ახალგაზრდები შეძლებენ მათთვის საინტერესო ადამიანებთან კომუნიკაციის დამყარებას
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია კონკურსი. ოთხ ჯგუფად გაყოფილი და ოცდაათზე მეტი წევრისგან შემდგარი საერთაშორისო ჟიური ნამუშევრებს 11 კატეგორიაში შეაფასებს: Film, Film & Craft, Print & Publishing, Out of Home, Radio, Design & Branding, Digital & Mobile, Advertising Campaigns, Media, Branding Content & Visual Storytelling. წელს სიახლეა მე-11-ე კატეგორია: Creative Effectiveness, რომელიც კამპანიების შედეგებს და მათ ეფექტიანობას ზომავს.
საერთაშორისო ჟიური საუკეთესო ნამუშევრებს სხვადასხვა კატეგორიაში გამოავლენს. გამარჯვებულები ოქროს, ბრინჯაოსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდებიან. ასევე სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლინდებიან საუკეთესო სააგენტოს ტიტულის ნომინანტებიც.
Ad Black Sea 2019 ჯილდოზე წელს ფესტივალის დამფუძნებლების გადაწყვეტილებით, ერთიანი საქართველოს რუკის კონტური იქნება დატანილი.
წელს ფესტივალში მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის სარეკლამო სააგენტო მონაწილეობს.