Check in Georgia-ს ფარგლებში საქართველოში მიქელანჯელოს, ტიციანის, ლეონარდოსა და სხვა იტალიელი მხატვრების გამოფენები მოეწყობა
Check in Georgia-ს ფარგლებში საქართველოში მიქელანჯელოს, ტიციანის, ლეონარდოსა და სხვა იტალიელი მხატვრების გამოფენები მოეწყობა

ტურიზმი უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და მიმაჩნია, რომ ტურიზმი საქართველოს ნავთობია, – ამის შესახებ საქართველოში იტალიის ელჩმა ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ Check in Georgia 2018 წლის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ მადლობა გადაუხადა პირველ ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს, რომ იტალიის საელჩოს საქართველოში Check in Georgia-ს პროექტში მონაწილეობის საშუალება მიეცა.

ელჩის განცხადებით, წლევანდელი Check in Georgia-ს ფარგლებში იტალიური მხარე ბევრი ფესტივალის ორგანიზებაში მონაწილეობს და მომავალშიც გააგრძელებს მონაწილეობას.

„ჩვენი მთავარი სურვილი იყო, ჩავრთულიყავით და გვეთანამშრომლა ისეთ ღონისძიებაში, რომელიც მანამდე საქართველოში არ გამართულა და ეს არის მსოფლიოს უნივერსალური, დიდოსტატი მხატვრების გამოფენა. ჩვენ დავიწყეთ ბოტიჩელითა და კარავაჯოთი და წელს ვაგრძელებთ ისეთი დიდი სახელით, როგორიც არის მიქელანჯელო“, – განაცხადა ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ.

იტალიის ელჩის თქმით, მაისიდან აგვისტოს ჩათვლით, Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება სამი გამოფენა, მათ შორის ერთ-ერთი არის რენესანსის პერიოდის გრაფიკა, ლეონარდოს, მიქელანჯელოს, ბოტიჩელის, რაფაელისა და ბევრი დიდოსტატის ნამუშევრის გამოფენით.

მისი განცხადებით, ასევე წარმოდგენილი იქნება ფერთა დიდოსტატის, ტიციანის ორიგინალი მადონა ბავშვით, მოეწყობა თანამედროვე იტალიური ხელოვნების გამოფენა და ყველა გამოფენა მუზეუმების საერთაშორისო დღეს – 18 მაისს გაიხსნება. აგვისტო-სექტემბერში კი გაიმართება გამოფენა, რომელიც ბაროკოს პერიოდს მიეძღვნება.

„ეს ყველაფერი ვერ განხორციელდებოდა, რომ არ ყოფილიყო საქართველოს მთავრობისა და Check in Georgia-ს მტკიცე მხარდაჭერა“, – აღნიშნა საქართველოში იტალიის ელჩმა, ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.