ჩეხეთის გენერალური შტაბის უფროსი - რუსეთსა და ნატო-ს შორის ომი, რომელიც ჩვენთვის ყველაზე ცუდი სცენარია, არ არის შეუძლებელი, ეს შესაძლებელია
ჩეხეთის გენერალური შტაბის უფროსი კარელ რზეჰკა რუსეთსა და ნატო-ს შორის ომის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. მისი თქმით, ასეთი სცენარის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია შესაბამისი მომზადება.
„რუსეთსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის ომი, რომელიც ჩვენთვის ყველაზე ცუდი სცენარია, არ არის შეუძლებელი, ეს შესაძლებელია“, – განაცხადა ჩეხეთის გენერალური შტაბის უფროსმა.
რზეჰკამ აღნიშნა, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები ცდილობენ, მოემზადონ პოტენციური ინტენსიური კონფლიქტისთვის, რადგან რუსეთი ახლა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან კონფლიქტისკენაა მიმართული.
„ჩეხეთის რესპუბლიკა ნატო-ს წევრი ქვეყანაა და ამას მოაქვს სარგებელი, თუმცა ასევე აკისრებს გარკვეულ ვალდებულებებს. ამიტომ, ომის დაწყების შემთხვევაში, ჩეხი ჯარისკაცების დიდი რაოდენობა შეუერთდება საბრძოლო მოქმედებებს ალიანსის გეგმების შესაბამისად“, – აღნიშნა რზეჰკამ.
ამასთან, გენერალური შტაბის უფროსის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გამოცდილებიდან გამომდინარე, აუცილებელია ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერება, მათ შორის რუსეთის ენერგომომარაგებაზე დამოკიდებულების რაც შეიძლება, სწრაფად დაძლევა.