ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეები კახა კალაძის სახლისკენ მსვლელობას მართავენ
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეები ამ დროისთვის მსვლელობას მართავენ.
როგორც ისინი აცხადებენ, აპირებენ, მივიდნენ დედაქალაქის მერის, კახა კალაძის სახლთან რამიშვილის ქუჩაზე და იქ მოითხოვონ პასუხი ყველა იმ საკითხზე, რაც შრომის უსაფრთხოებას უკავშირდება.
„თუ დაგვაკავებენ, ორჯერ მეტი გამოვალთ ქუჩაში, სოლიდარობა მუშებს“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
თბილისის მერიამ ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ დედაქალაქის მერი კახა კალაძე მზად არის, უახლოეს დღეებში შეხვდეს აქციის მონაწილეების მიერ შედგენილ რამდენიმეკაციან ჯგუფს, კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს წინადადებები და გააცნოს ის ღონისძიებები, რომელსაც თბილისის მერია შრომის უსაფრთხოების დაცვის კუთხით ახორციელებს.
თბილისის მერის აღნიშნულ შეთავაზებაზე აქციის მონაწილეებმა უარი განაცხადეს და ჯერ მისი აქციაზე მისვლა მოითხოვეს, ხოლო შემდეგ თავად დაიძრნენ კალაძის სახლისკენ.