ჩარლზ ჯეი კორმიერი - საქართველოს აქვს დიდი ენერგეტიკული პოტენციალი და უნდა განავითაროს ახალი საექსპორტო ბაზარი, წყალქვეშა კაბელი შექმნის ახალ საექსპორტო ბაზარს საქართველოსთვის
საქართველოს აქვს დიდი ენერგეტიკული პოტენციალი და მან უნდა განავითაროს ახალი საექსპორტო ბაზარი განახლებადი ენერგიით ვაჭრობისთვის, – ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის ინფრასტრუქტურის რეგიონულმა დირექტორმა, ჩარლზ ჯეი კორმიერმა თბილისში განაცხადა, სადაც „აბრეშუმის გზის ფორუმი“ მიმდინარეობს.
მისივე თქმით, წყალქვეშა კაბელის საშუალებით საქართველოსთვის ახალი საექსპორტო ბაზარი შეიქმნება.
„ძალიან დროულია კავშირზე დიალოგის წარმოება ამ რეგიონში და შესანიშნავია, რომ საქართველომ აიღო ეს როლი. მსოფლიოში ამჟამად ჩვენ მრავალ კრიზისთან გვიწევს გამკლავება. გვქონდა კოვიდპანდემია, უამრავი პრობლემა მიწოდების ჯაჭვთან დაკავშირებით, უზარმაზარი ენერგოკრიზისი გასულ წელს და ვიცით, რომ არსებობს სხვადასხვა კონფლიქტი, კავშირი კი აახლოებს ადამიანებს და ქვეყნებს ერთმანეთთან. ძალიან მომწონს დღევანდელი კონფერენციის თემა: „დღევანდელი კავშირი ხვალინდელი მედეგობისთვის“. ვფიქრობ, საქართველო იღებს ინიციატივას და ძალიან კარგია, რომ ეს ღონისძიება მოაწყო. კავშირის მხრივ რასაც ვაკეთებთ, ვცდილობთ, დავინახოთ, როგორ შეუძლია საქართველოს, გააუმჯობესოს სავაჭრო ურთიერთობები და ამის კარგი მაგალითია შუა დერეფანი, რომელიც კავშირის დღის წესრიგშია. ვცდილობთ, უზრუნველყოთ, რომ საქართველოს პროდუქცია ეფექტური გზით იყოს გადატანილი, რათა მეზობლებთან ეფექტურად შეძლოს ვაჭრობა.
საქართველოს აქვს დიდი ენერგეტიკული პოტენციალი და მან უნდა განავითაროს ახალი საექსპორტო ბაზარი განახლებადი ენერგიით ვაჭრობისთვის. სწორედ ამიტომ ის განიხილავს წყალქვეშა კაბელს, რომლითაც საქართველო დაუკავშირდება რუმინეთს. შესაბამისად, რუმინეთი – სამხრეთ კავკასიას, რაც შექმნის ახალ საექსპორტო ბაზარს საქართველოსთვის. ამ კავშირის არსი იმაში მდგომარეობს, რომ საქართველომ შეძლოს თავისი საექსპორტო ბაზრის დივერსიფიცირება.
კონფერენციის დღის წესრიგში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი არის გაციფრულება. მას რეგიონის ტრანსფორმაციისთვის უზარმაზარი პოტენციალი აქვს. ამ ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის დიდი რესურსია და არსი მდგომარეობს იმაში, რომ ხალხს ჰქონდეს წვდომა ციფრულ უნარებთან, გაციფრულებასთან, რათა შესაძლებელი იყოს მეტი სამუშაო ადგილის შექმნა და ინოვაციების დანერგვა. ეს ერთ-ერთი სფეროა, სადაც საქართველოს ეკონომიკას შემდგომი განვითარება შეუძლია“, – განაცხადა ჩარლზ ჯეი კორმიერმა.