ჩარგალში მდებარე ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარგალში მდებარე ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა.
ამის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„სახლს წინა მხარეს, გრძივი ფასადის მთელ სიგრძეზე ხის სვეტებიანი გადახურული აივანი გასდევს, რომელიც გვერდებიდან გახსნილია. სახლში შესასვლელი აივნიდანაა. ოთახებს ერთმანეთისგან ვიწრო ტალანი ყოფს, რომელთანაც ისინი კარით არიან დაკავშირებული. ოთახები აივნის მხრიდან დატანებული სარკმლებით ნათდება. ორივე ოთახში ბუხარია მოწყობილი. სახლის იატაკი აგურფენილია. შედარებით მცირე ზომის ოთახი ვაჟას მამის – პავლეს აშენებულია. ამავე ოთახში დაიბადა ვაჟაც. აქვე იყო მისი სამუშაო ოთახიც. მეორე უფრო დიდი ზომის ოთახი კი ვაჟას დროსაა აშენებული და მისი ოჯახის წევრებისთვის იყო განკუთვნილი. სახლის ერთი ნაწილი ვაჟას მამის – პავლეს აშენებულია, მეორე ნაწილი კი თავად ვაჟასი. ეზოში დგას საბძელ-გომური,თორნე და წისქვილი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.