ჩარგალში მიხაობა აღინიშნა
ჩარგალში მიხაობა აღინიშნა

დღეს ჩარგალში სახალხო დღესასწაული მიხაობა აღინიშნა. ათეულ წელზე მეტია, პოეტის დაბადებისა და გარდაცვალების დღეს – 25 იანვარს უამრავი ადამიანი ფშავში მის საფლავთან იკრიბება. ეროვნულ გმირს პატივს ძველი ფშაური საბრძოლო ტრადიციების მიხედვით მიაგებენ.

მიხა ხელაშვილის ხსოვნის პატივსაცემად ფშავში სახალხო დღესასწაული უკვე ტრადიციად იქცა და ყოველ წელს იმართება.

საბჭოთა რეჟიმის მიერ მოკლული და შემდეგ აკრძალული პოეტის შემოქმედება წლების განმავლობაში ზეპირად ვრცელდებოდა საქართველოში, განსაკუთრებით საქართველოს მთიანეთსა და ხელაშვილის მშობლიურ ფშავში. იბეჭდებოდა ხალხური პოეზიის ანთოლოგიებშიც, თუმცა ავტორის მითითების გარეშე. დროდადრო ლექსების მცირე ნაწილს, რომელიც განადგურებას გადაურჩა, ავტორის სახელი და გვარი – მიხა ხელაშვილი მიაწერეს. დღეს კი ყველამ იცის, რომ ლექსები „ლექსო ამოგთქომ“ და „ბინდისფერია სოფელი“ არა ხალხური, არამედ მიხა ხელაშვილისაა.