ჩაქვი-ქობულეთის გზაზე ავარიისას დაშავებული ჩვილები საავადმყოფოში გარდაიცვალნენ
ჩაქვი-ქობულეთის გზაზე ავარიისას დაშავებული ორი ჩვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. როგორც პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მსუბუქი ავტომანქანა და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს.
ავარიის შედეგად, მსუბუქ ავტომობილში მყოფი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც პირველ არხს ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურში განუცხადეს, მომხდარის შედეგად დაშავდა ორი ქალი. ასევე, დაშავებული ერთ წლამდე ასაკის ჩვილები ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.