ჭაობში აღმოჩენილი ხის უზარმაზარი თოჯინა, რომელიც ეგვიპტის პირამიდებზე ორჯერ ძველია
1894 წელს, რუსეთში, ტორფიან ჭაობში, ოქროს მომპოვებლებმა ოთხი მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს მაღალი, ადამიანის შესახედაობის ხის ფიგურა. როგორც ირკვევა, შირგირის თოჯინას (სახელი ეწოდა იმ ჭაობისგან, რომელშიც იპოვეს) სახელით ცნობილი ფიგურა ეგვიპტის პირამიდებზე ორჯერ ძველია.
აღმოჩენიდან 100 წლის შემდეგ, რადიონახშირბადული დათარიღების მეთოდით მკვლევრებმა გარკვიეს, რომ ფიგურა დაახლოებით 9 900 წლისაა და შესაბამისად, წარმოადგენდა უძველეს მონუმენტურ სკულპტურას მთელ მსოფლიოში.
მაგრამ ახლახან თოჯინას კიდევ ჩაუტარეს ანალიზები და გაირკვა, რომ მისი ასაკი დაახლოებით 11 500 წელია.
ფიგურის სიმაღლე 5 მეტრზე მეტია. დამზადებულია ლარიქსის მერქნისგან. თოჯინას შემორჩენილი ნაწილები ამჟამად ქალაქ ეკატერინბურგში, სვერდლოვსკის რეგიონულ მუზეუმშია გამოფენილი.
აღმოჩენის დღიდან, თოჯინას ისტორია სიურპრიზებითაა სავსე. აღმოჩენიდან 20 წლის შემდეგ, მკვლევრებმა სტრუქტურაზე ილუსტრირებული ხუთი სახე შენიშნეს. 2003 და 2014 წლებში, სხვა მკვლევრებმა მეხუთე (ცხოველის იერის) და მეექვსე სახეებიც აღმოაჩინეს.
მკვლევართა ვარაუდით, ეს ფიგურა შესაძლოა, ადრეული მეზოლითის ხანის ევრაზიაში მცხოვრები მონადირეების, შემგროვებლებისა და მეთევზეების მიერ გაკეთებული სპირიტუალური ხელოვნების ნიმუშია.
„ასეთი დიდი სკულპტურა ადვილი შესამჩნევი იყო მონადირე-შემგროვებელი საზოგადოებისთვის და შესაძლოა, თავიანთ წინაპართა გამოსახულებებადაც იყენებდნენ“, — უთხრა გამოცემა Livescience-ს არქეოლოგმა თომას ტერბერგერმა.
მისი თქმით, ასევე შესაძლებელია, რომ ფიგურა დაკავშირებული იყოს სპეციფიკურ მითებთან და ღმერთებთან, მაგრამ ამის დამტკიცება რთულია.
„ნებისმიერ შემთხვევაში, უბრალოდ სასწაულია, რომ ასეთმა ფიგურამ ამდენ ათასწლეულს გაუძლო“, — ამბობს არქეოლოგი თომას ტერბერგერი.
მომზადებულია Livescience-ის მიხედვით