ჩაკ შუმერი ორპარტიული გამოძიების ჩატარებას მოითხოვს, თუ როგორ იყენებდნენ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ჯგუფურ ჩატს სამხედრო გეგმების განსახილველად
ჩაკ შუმერი ორპარტიული გამოძიების ჩატარებას მოითხოვს, თუ როგორ იყენებდნენ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ჯგუფურ ჩატს სამხედრო გეგმების განსახილველად

სენატში დემოკრატიული პარტიის ლიდერი ჩაკ შუმერი ორპარტიული გამოძიების ჩატარებას მოითხოვს იმის თაობაზე, თუ როგორ იყენებდნენ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირები Signal-ის ჯგუფურ ჩატს სამხედრო გეგმების განსახილველად, სადაც შემთხვევით ჟურნალისტი დაამატეს.

შუმერმა აღნიშნა, რომ ეს არის სამხედრო დაზვერვის ერთ-ერთი ყველაზე საშიში დარღვევა.

„ეს მოითხოვს სრულ გამოძიებას იმის თაობაზე, თუ როგორ მოხდა ეს, რა ზიანი გამოიწვია და როგორ ავიცილოთ თავიდან მსგავსი სიტუაციები მომავალში. მე ვთხოვ ჩემს რესპუბლიკელ კოლეგებს, იმუშაონ დემოკრატებთან ერთად სრული გამოძიების ჩასატარებლად, თუ რატომ იყო სამხედრო ოპერაციები კოორდინირებული არადაცული ჩატის მეშვეობით და არა იმ უსაფრთხო საკომუნიკაციო არხებით, რომლებიც გადასახადების გადამხდელების მიერ არის დაფინანსებული“, – აღნიშნა შუმერმა.

შუმერის თქმით, საქმე გვაქვს აშშ-ის უმაღლესი რანგის ლიდერებთან, მათ შორის ვიცე-პრეზიდენტსა და თავდაცვის მდივანთან, რომლებიც სამხედრო მოქმედებების შესახებ დისკუსიებს არაუსაფრთხო აპლიკაციაში აწარმოებენ.

„თუ სამხედრო ოპერაციების კოორდინაციის შესახებ ეს დეტალები მოხვდებოდა აშშ-ის მტრების ხელში, ამას, შესაძლოა, გამოეწვია ადამიანების დაღუპვა. ამას, შესაძლოა, სერიოზულად დაეზიანებინა ჩვენი სამხედრო ძალები და საფრთხე შეექმნა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის“, – აღნიშნა შუმერმა.

ამასთან, შუმერმა გააკრიტიკა თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი. როგორც მან აღნიშნა, დემოკრატები ერთხმად ეწინააღმდეგებოდნენ მის კანდიდატურას და აფრთხილებდნენ, რომ შესაძლოა, მსგავსი რამ მომხდარიყო.

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ჯგუფურ ჩატში, სადაც სამხედრო გეგმებს განიხილავდნენ, შემთხვევით ჟურნალისტი დაამატა, ოფიციალურად დაადასტურეს თეთრ სახლში.