თეთრ სახლში ადასტურებენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ შემთხვევით დაამატა ჟურნალისტი ჯგუფურ ჩატში, სადაც სამხედრო გეგმებს განიხილავდნენ

01:01, 25.03.2025

ტრამპის ადმინისტრაციამ შემთხვევით დაამატა ჟურნალისტი ჯგუფურ ჩატში, სადაც სამხედრო გეგმებს განიხილავდნენ. თეთრმა სახლმა ინციდენტი ოფიციალურად დაადასტურა.

ჟურნალ The Atlantic-ის რედაქტორმა, ჯეფრი გოლდბერგმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც აღნიშნა, რომ თავდაპირველად ვერ იჯერებდა მიღებული ინფორმაციის სისწორეს.

ჯგუფურ ჩატში იმყოფებოდნენ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კაბინეტის რამდენიმე წევრი, მათ შორის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი.

„ვერ ვიჯერებდი, რომ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელობა მოახლოებული სამხედრო გეგმების შესახებ ჩატში მსჯელობდა“, – აღნიშნა გოლდბერგმა.

გოლდბერგის თქმით, ის დაამატეს იმ ჯგუფურ ჩატში, სადაც იემენში „ჰუსიტების“ წინააღმდეგ საჰაერო იერიშების გეგმებს განიხილავდნენ. 15 მარტს აშშ-მა „ჰუსიტების“ წინააღმდეგ იერიში მიიტანა, რის შესახებაც, ჟურნალისტის თქმით, შეტევამდე რამდენიმე საათით ადრე ჰქონდა ინფორმაცია. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ვერ იჯერებდა ინფორმაციის სისწორეს, როდესაც იემენზე აშშ-ის იერიშების შესახებ გახდა ცნობილი, გაიაზრა, რომ ეს სიმართლე იყო.

აღნიშნულის შესახებ თეთრ სახლში გამართულ კაბინეტის შეხვედრაზე დონალდ ტრამპს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა.

მსგავსი