ვოლოდიმირ ზელენსკი – სამწუხაროდ, გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსები მორიგ მასშტაბურ დარტყმას ამზადებენ

01:27, 27.11.2026

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი მასშტაბური იერიშისთვის ემზადება და უკრაინის მოქალაქეებს მოუწოდა, უახლოეს დღეებში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ სარაკეტო საფრთხის შესახებ გაფრთხილებებს.

ზელენსკის განცხადებით, უკრაინა საერთაშორისო პარტნიორებთან დამატებითი შეიარაღების პაკეტების მიღებაზე მუშაობს.

„სამწუხაროდ, გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსები მორიგ მასშტაბურ დარტყმას ამზადებენ. უახლოეს დღეებში ყურადღება მიაქციეთ სარაკეტო საფრთხის შესახებ გაფრთხილებებს. დაე, რუსეთმა იცოდეს: ჩვენ აღვადგენთ ყველაფერს, რაც ჩვენია და რუსეთის თითოეულ დარტყმას პასუხს გავცემთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ უკრაინელი ბავშვების რუსეთიდან დაბრუნების საკითხზე შექმნილ საერთაშორისო კოალიციას უნგრეთი შეუერთდა.

„უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ და, უფრო ფართო კონტექსტში, უნგრეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობების ფაქტობრივი „გადატვირთვის“ შედეგად, ჩვენი მეზობლები შეუერთდნენ იმ ქვეყნების გლობალურ კოალიციას, რომლებიც მზად არიან, იმუშაონ რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებისთვის. უნგრეთი გმობს რუსეთის ომსა და რუსულ დანაშაულებებს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ ვივიწყებთ ამ ომის არცერთ ასპექტს და რომ ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენი ხალხის რუსული ტყვეობიდან დასაბრუნებლად. ამჟამად ჰუმანიტარულ კოალიციაში უკვე 54 ქვეყანაა გაერთიანებული“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, უკრაინა რუსეთში მყოფი ბავშვების დასაბრუნებლად ახალ ნაბიჯებს ამზადებს და ტყვეების მორიგი, მნიშვნელოვანი გაცვლის იმედი აქვს.

მსგავსი