რუმინეთის პროკურატურამ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ჯორჯე სიმიონს საარჩევნო კომისიის წევრების მიმართ ძალადობის წაქეზების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა
რუმინეთის პროკურატურამ ულტრამემარჯვენე ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ჯორჯე სიმიონს საარჩევნო კომისიის წევრების მიმართ ძალადობის წაქეზების ფაქტზე ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა. სიმიონი ბრალდებას უარყოფს და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
საქმე გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. 2024 წელს რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გაუქმდა. ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება ხელისუფლებამ რუსეთის სავარაუდო ჩარევით ახსნა, რომლის მიზანიც, გამოძიების ვერსიით, ულტრამემარჯვენე და პრორუსი კანდიდატის, კალინ ჯორჯესკუს მხარდაჭერა იყო. მოსკოვი ჩარევას უარყოფდა. მოგვიანებით, ჯორჯესკუს განმეორებით არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს, რამაც ბუქარესტის ცენტრში ძალადობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია.
მანამდე სიმიონმა სოციალურ ქსელში მხარდამჭერებს განუცხადა, რომ საარჩევნო კომისიის წევრებმა სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს და ისინი „საჯაროდ ცოცხლად უნდა გაეტყავებინათ“. მოგვიანებით პოლიტიკოსმა განმარტა, რომ ეს განცხადება პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გაეგოთ. მისი ადვოკატის განმარტებით, აღნიშნული ფრაზა პოლიტიკური, თუმცა „ჰიპერბოლური“ განცხადება იყო და, შესაბამისად, ევროპული კანონმდებლობით არის დაცული.
ჯორჯე სიმიონი ულტრამემარჯვენე პარტიის, „რუმინელთა გაერთიანების ალიანსის“ (AUR) ლიდერია. პარტია ევროკავშირის პოლიტიკას, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევასა და თავდაცვის ხარჯების გაზრდას აკრიტიკებს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, ამჟამად „რუმინელთა გაერთიანების ალიანსი“ რუმინეთში ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე პოლიტიკური ძალაა. რუმინეთში საპარლამენტო არჩევნები 2028 წელს უნდა გაიმართოს. პრეზიდენტ ნიკუშორ დანის განცხადებით, ულტრამემარჯვენე პარტია „რუმინელთა გაერთიანების ალიანსი“ ქვეყნის ეკონომიკური და ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. თავად პარტიაში კი მიიჩნევენ, რომ ნიკუშორ დანი და ცენტრისტული პოლიტიკური ძალები ქვეყანას ავტოკრატიისკენ მიაქანებენ.