აშშ-ში ძლიერი შტორმის გამო ასობით ავიარეისი გაუქმდა, 600 000-ზე მეტ მომხმარებელს ელექტროენერგია არ მიეწოდება
აშშ-ში ძლიერი შტორმის გამო ასობით ავიარეისი გაუქმდა, 600 000-ზე მეტ მომხმარებელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
ძლიერმა ქარმა და უამინდობამ აშშ-ის აეროპორტებში რეისების შეფერხება გამოიწვია. დღეს ქვეყანაში 400-მდე რეისი გაუქმდა, 1 200-ზე მეტი კი გადაიდო. გუშინ გაუქმებული რეისების რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა, 6 800-ზე მეტი კი შეფერხდა.
უამინდობა მადლიერების დღის უქმეებს ემთხვევა, რა დროსაც ქვეყანაში მგზავრთა ნაკადი განსაკუთრებით იზრდება. ამერიკის საავტომობილო ასოციაციის (AAA) პროგნოზით, მადლიერების დღის შვიდდღიანი დასვენების პერიოდში სახლიდან მინიმუმ 80 კილომეტრის დაშორებით მოგზაურობას დაახლოებით 81.5 მილიონი ამერიკელი გეგმავს.
ამასთან, ძლიერი შტორმის გამო დაიტბორა გზები და დაზიანდა ინფრასტრუქტურა. შტორმმა განსაკუთრებით დააზიანა აღმოსავლეთ სანაპირო, მათ შორის ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის შტატები, სადაც რამდენიმე რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. შტორმის გამო გადადებულია მადლიერების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებიც. ნიუ-იორკის მერმა, ზოჰრან მამდანიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნიუ-იორკში ცნობილი Macy’s-ის მადლიერების დღის აღლუმი შაბათისთვის გადაიდო. “უსაფრთხოება არის და ყოველთვის დარჩება ჩვენს მთავარ პრიორიტეტად“- განაცხადა მამდანიმ. ამასთან, კალიფორნიის სანაპიროზე შტორმმა ინფრასტრუქტურა დააზიანა. ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, მისურისა და ილინოისის შტატების ზოგიერთ რაიონში კი ძლიერი თოვლისა და ზამთრის შტორმის საფრთხის შესახებ გაფრთხილებებია გაცემული.