ემანუელ მაკრონი – ევროკავშირის ბიუჯეტის 204 მილიარდი ევროთი შემცირება სტრატეგიული შეცდომაა, მე არ მოვაწერ ხელს ისეთ შეთანხმებას, რომელიც არ იქნება დაბალანსებული

02:16, 27.11.2026

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ევროკავშირი სტრატეგიულ შეცდომას დაუშვებს, თუ 2028-2034 წლების ბიუჯეტში გათვალისწინებულ დაფინანსებას შეამცირებს.

მაკრონის თქმით, ევროკავშირმა უნდა უზრუნველყოს ტრადიციული პოლიტიკის დაფინანსება, სტრატეგიულ სფეროებში ინვესტიციები და წევრი ქვეყნების შენატანების სტაბილურობა. მაკრონი მიიჩნევს, რომ ბიუჯეტის არსებული პროექტი ევროპული ამბიციების შესაბამისი არ არის.

„ევროკომისიის თავდაპირველ წინადადებასთან შედარებით ბიუჯეტის 204 მილიარდი ევროთი შემცირება, ჩემი აზრით, სტრატეგიული შეცდომაა. ეს რეალური შემცირებაა, ამიტომ პირდაპირ ვიტყვი – საფრანგეთი დამატებით შემცირებას არ უჭერს მხარს“, – განაცხადა მაკრონმა.

მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთი ევროკავშირის მომდევნო მრავალწლიანი ბიუჯეტის შესახებ შეთანხმების მიღწევას შეეცდება, თუმცა დაუბალანსებელ შეთანხმებას ხელს არ მოაწერს. მისი თქმით, თუ შეთანხმებისთვის საჭირო პირობები დეკემბრის ევროპული საბჭოს სხდომაზე არ შესრულდება, მოლაპარაკებების გაგრძელება შეუძლებელი გახდება.

„საფრანგეთი ყველაფერს გააკეთებს შეთანხმების მისაღწევად, თუმცა მე არ მოვაწერ ხელს ისეთ შეთანხმებას, რომელიც არ იქნება დაბალანსებული; მეორეც, თუ დეკემბერში, ევროპული საბჭოს სხდომაზე შეიქმნება პირობები კარგი შეთანხმებისთვის, ჩვენ მას გავაფორმებთ. მაგრამ თუ ეს პირობები არ იქნება, ვფიქრობ, შეუძლებელი გახდება მოლაპარაკებების გაგრძელება. ამის შესახებ კოლეგებს სრულიად გარკვევით ვუთხარი: 31 დეკემბრის შემდეგ, პოლიტიკური თუ დემოკრატიული თვალსაზრისით, აღარ მექნება შესაძლებლობა, განვაახლო მოლაპარაკებები ბიუჯეტთან დაკავშირებით და ისინი დასასრულამდე მივიყვანო. ამ ეტაპზე ჩვენ უკვე ძალიან მივუახლოვდებით საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებს“, – აღნიშნა მაკრონმა.

ამასთან, მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი მხარს უჭერს ევროკომისიის წინადადებას, რომელიც 2027 წელს უკრაინის დაფინანსების ახალი მექანიზმის შექმნას ითვალისწინებს.

„ევროკავშირის დახმარება გადამწყვეტია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც არსებობს შესაძლებლობა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინის მხარდაჭერა შეწყვიტოს. ეს ომი ჩვენც პირდაპირ გვეხება. უკრაინელები საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძვიან, თუმცა ამასთანავე ისინი ევროპის უსაფრთხოების დაცვის წინა ხაზზე არიან. საკმარისია, რუკას შევხედოთ და ისტორიაც გავიხსენოთ, რომ ეს დავინახოთ. დიახ, ეს ომი ევროპის უსაფრთხოებისთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობისაა. უკრაინის მიტოვება მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჩვენს უსაფრთხოებასაც საფრთხეს შეუქმნის. თუ ევროპის არაერთ ქვეყანაში არსებულ ვითარებას გავითვალისწინებთ, ნათელია, რომ საფრთხე არა შორეულ, არამედ უფრო ახლო მომავალშია მოსალოდნელი. ამასთან, რუსეთი ევროკავშირის მასშტაბით ჰიბრიდულ საქმიანობას ახორციელებს. ამ საკითხში გულუბრყვილობის ადგილი არ არის – უკრაინას პასუხისმგებლობის გრძნობით ვეხმარებით, რადგან ეს ჩვენს ინტერესებშიც შედის“, – განაცხადა მაკრონმა.

ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში 2028-2034 წლების საერთო ბიუჯეტზე მსჯელობენ. მომავალი შვიდი წლის ფინანსური გეგმა განსაზღვრავს, როგორ გადანაწილდება ევროკავშირის დაფინანსება სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარების, თავდაცვისა და სხვა სფეროებზე. მოლაპარაკებების დღის წესრიგში ასევე დგას უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის საკითხი.

მსგავსი