ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავარიის დროს დაშავებული სამი პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება
ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავარიის დროს დაშავებული სამი პაციენტი მცხეთის „ჯეო ჰოსპიტალსის“ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
საგანგებო სიტუაციების, კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის, ავთანდილ თალაკვაძის ინფორმაციით, მცხეთაში გადაყვანილ ოთხ პაციენტს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. სამი მათგანი ამ დრომდე რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში.
თალაკვაძის ინფორმაციით, სამი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ექიმების ცნობით, არ არის გამორიცხული მათ განმეორებითი ოპერაცია ჩაუტარდეს.
რაც შეეხება იაშვილის სახელობის კლინიკაში მოთავსებულ ორ არასრულწლოვანს, ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით, ერთი მოზარდი გუშინ გაწერეს, ხოლო მეორე პაციენტი კლინიკას დღეს საღამოს დატოვებს.
„გუშინ ავტოავარიის შედეგად 13 ადამიანის ჰოსპიტალიზება მოხდა კლინიკებში, მათ შორის ექვსი არასრულწლოვანის და შვიდი მოზრდილის. ორი არასრულწლოვანი თვითდინებით იქნა შესული იაშვილის კლინიკაში, რომელთაგანაც ერთი გუშინ ღამით გაეწერა, მეორე პაციენტიც დღის ბოლომდე გაეწერება.
რაც შეეხება მცხეთაში მყოფ პაციენტებს, ოთხ მოზრდილს ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია, ამჟამინდელი მდგომარეობით სამი მათგანი იმყოფება რეანიმაციაში, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მათი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და მიმდინარეობს დინამიკაში დაკვირვება და მუდმივი კონტროლი“,- განაცხადა თალაკვაძემ.
თბილისის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო ავტობუსი სოფელ ფერმასთან სატვირთო ავტომობილს გუშინ შეეჯახა. ავარიის დროს დაიღუპა ერთი ახალგაზრდა, 1992 წელს დაბადებული მამაკაცი, ხოლო დაშავდა 13 ადამიანი.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.