ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავარიის დროს დაშავებული ორი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავარიის დროს დაშავებულ ორ პაციენტს მცხეთის „ჯეო ჰოსპიტალსში“ ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც კლინიკის ექიმმა მამუკა ოთიაშვილმა პირველ არხს განუცხადა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
„ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ჩვენთან ორი პაციენტი შემოიყვანეს. მათ მიღებული აქვთ ქალა-ტვინის დახურული ტრავმები, სხეულის დაჟეჟილობა, ქვედა კიდურის მოტეხილობები. ორივე პაციენტს ჩაუტარდა ქვედა კიდურების ოპერაციული მკურნალობა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე, ორივე მათგანი მკურნალობას ინტენსიურ განყოფილებაში აგრძელებს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება სტაბილურად მძიმე“, – განაცხადა მამუკა ოთიაშვილმა.
თბილისის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო ავტობუსი სოფელ ფერმასთან სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. ავარიის დროს დაიღუპა ერთი ახალგაზრდა, 1992 წელს დაბადებული მამაკაცი, ხოლო დაშავდა 13 ადამიანი.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.