ბუს მსგავსი უცნაური ქვის ფირფიტები შეიძლება სპილენძის ხანის ბავშვების მიერ არის დამზადებული — #1tvმეცნიერება
მეცნიერებს მიაჩნდათ, რომ პირენეს ნახევარკუნძულზე, სამარხებსა და თხრილებში აღმოჩენილი ბუს ფორმის ათასობით ფიქლის დაფა წარმოადგენდა ღვთაებებს ან გარკვეული სარიტუალო მნიშვნელობა ჰქონდა სპილენძის ხანის იმ საზოგადოებებისთვის, რომლებმაც ისინი შექმნეს.
თუმცა, ახალი კვლევის მიხედვით, ხელის მტევნის ზომის ეს ფირფიტები, რომლებზეც გეომეტრიული ფიგურებია გამოსახული და ზედა ნაწილში ორი წრეა ამოკაწრული, შეიძლება ბავშვების ნამუშევრები იყოს.
ფიქლისგან დამზადებული ბუს ფორმის ეს ობიექტები ათასობით არის აღმოჩენილი; ისინი დაახლოებით 5500 – 4750 წლის წინანდელია და ესპანელ მეცნიერთა ახალი კვლევის მიხედვით, შეიძლება წარმოადგენდეს ბავშვების თამაშისა და სწავლის აქტივობათა არქეოლოგიურ კვალს.
„ბუს ფორმის ქვის ობიექტები არქეოლოგიური მასალის იმ მცირე გამონაკლისთა შორისაა, რომლებიც გარკვეულ ცნობებს გვაწვდის უძველეს ევროპულ საზოგადოებებში ბავშვობის ქცევების შესახებ“, — წერენ მკვლევრები.
კვლევა ესპანეთის კვლევების ეროვნული საბჭოს ევოლუციური ბიოლოგის, ხუან ნეგროს ხელმძღვანელობით ჩატარდა; მკვლევართა ჯგუფმა ფირფიტების სახის ნაკვთები ესპანეთსა და პორტუგალიაში გავრცელებულ ბუს სახეობებს შეადარეს და მათი ასლებიც დაამზადეს, რათა ენახათ, რამდენად მარტივი იყო მათი დეკორირება.
მათი ვარაუდით, ბავშვებს ფიქალზე ამოტვიფრა უნდა შესძლებოდათ კაჟის, კვარცის ან სპილენძის წვეტიანი ხელსაწყოებით, რითაც დახატავდნენ ბუს ბუმბულების მსგავს ხაზებს, დიდი წრეებით კი მის მსგავს თვალებს.
თუ თანამედროვე სკოლის ბავშვთა უნარებს შევადარებთ, ბუებს ისინიც თითქმის ასეთივეს ხატავენ.
მრავალ ფირფიტას თავზე ორი ხვრელი აქვს, რომლებსაც ცვეთა არ აღენიშნება. მკვლევართა აზრით, ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ სავარაუდოდ, ისინი ასხმული არ იყო, როგორც ეს არქეოლოგებს მიაჩნდათ. ნეგროს და მისი კოლეგების აზრით, ამ ხვრელებში მოთავსებული უნდა ყოფილიყო ბუს ბუმბულები, რათა ისინი ამ ფრინველებს უფრო მიმსგავსებოდა.
საუკუნეზე მეტია, არქეოლოგები ამ საგნების დანიშნულებაზე კამათობენ და ეს კვლევა ამ საკითხს კიდევ ერთხელ განაახლებს.
ნეგრო და მისი კოლეგები არ გამორიცხავენ შესაძლებლობას, რომ ფირფიტებს მოგვიანებით რიტუალებში და მიცვალებულებისთვის ჩასატანებლად იყენებდნენ; მათი თქმით, ახალგაზრდები შეიძლება უფროსებს პატივს მიაგებდნენ — თავისი ხელით შექმნილ ნივთებს გარდაცვლილებს უძღვნიდნენ.
მიუხედავად იმისა, თუ როგორ ან რისთვის დაამზადეს ეს ფირფიტები, მათი უცნაური მსგავსება ესპანეთსა და პორტუგალიაში გავრცელებული ბუების ორ სახეობასთან — ჭოტთან (Athene noctua) და ოლოლთან (Asio otus) — კარგად ჩანს ქვემოთ ფოტოზე.
„სპილენძის ხანისთვის დამახასიათებელი ეს ფიქლის დაფები შეიძლებოდა ქვის საგნების დამუშავების სასწავლო პროცესის ნაწილი ყოფილიყო“, — ამბობს ისტორიკოსი, კვლევის ერთ-ერთი ავტორი ვიქტორ დიას ნუნიეს დე არენასი.
თუმცა, ამ აზრს ყველა არქეოლოგი არ ეთანხმება. მათი განცხადებით, წარმოდგენილი მტკიცებულება განსაკუთრებით ძლიერი ან სამეცნიერო არ არის და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფირფიტები ბავშვების მხიარული შემოქმედება იყოს, რადგან როგორც ჩანს, ისინი საკმაოდ სტანდარტული გზით არის დამზადებული.
„თუკი ამ ფირფიტებს ბავშვები ამზადებდნენ, ბუს ფორმის დაფები მაშინ გაცილებით უფრო მეტი უნდა იყოს, მაგრამ სინამდვილეში, ისინი ფირფიტების მთლიანი რაოდენობის ოთხ პროცენტს შეადგენს“, — ამბობს აიოვის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიური არქეოლოგი კატინა ლილიოსი.
რაზეც არავინ დავობს გახლავთ ის, რომ ბუები ადამიანის კულტურასთან უხსოვარი დროიდან არის გადაჯაჭვული. ამ ჯადოსნურ ფრინველებს ჯერ კიდევ „ხელოვნების განთიადის“ პერიოდიდან გამოსახავდნენ პალეოლითის პერიოდში მონეტებსა და კერამიკაზე, მოზაიკებსა და მღვიმის მხატვრობაში, ესპანეთიდან და საფრანგეთიდან დაწყებული, აფრიკითა და ავსტრალიით დამთავრებული.
კვლევა Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.