ბუნების მსოფლიო ფონდი - 1970 წლის შემდეგ ადამიანის ხელით, ფაუნის 60 პროცენტი განადგურდა
ბუნების მსოფლიო ფონდი - 1970 წლის შემდეგ ადამიანის ხელით, ფაუნის 60 პროცენტი განადგურდა

1970 წლის შემდეგ ადამიანის ხელით, საერთაშორისო მასშტაბით, ფაუნის 60 პროცენტი განადგურდა. საგანგაშო ანგარიშს „ბუნების მსოფლიო ფონდი“ ავრცელებს.

საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 1970 წლიდან 2014 წლამდე ადამიანის საჭიროებებიდან გამომდინარე ველური ბუნების წარმომადგენლების მასობრივი განადგურება განხორციელდა. მათ შორის მოხვდნენ ძუძუმწოვრები, თევზები, ჩიტები, ამფიბიები და რეპტილიები.

„ფაუნის წარმომადგენელთა მასობრივი განადგურების საფუძველზე დედამიწა ეტაპობრივად ბიომრავალფეროვნებას კარგავს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ანგარიშითვე ცნობილი გახდა, რომ დღეს დედამიწის მხოლოდ მეოთხედი ნაწილია თავისუფალი ადამიანის ხელისგან. არსებული ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში აღნიშნული მაჩვენებელი 2050 წლისთვის მეათედს მიაღწევს.

საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, განსაკუთრებით რთული მდგომარეობა სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაშია, სადაც 1970 წლის შემდეგ ფაუნის წარმომადგენელთა მხოლოდ 11 პროცენტი გადარჩა.

სერიოზული რისკის წინაშე იმყოფება წყალქვეშა სამყაროც. პოლიეთილენით დაბინძურებული მონაკვეთები ოკეანის ყველაზე ღრმა ადგილებშიც კი ფიქსირდება. მათ შორის მარიანას ღრმულის ტერიტორიაზეც.

საგანგაშოა მდინარეებსა და ტბებში მცხოვრები თევზების სტატისტიკაც. 1970 წლის შემდეგ აღნიშნულ ადგილებში მცხოვრები თევზების 80 პროცენტი განადგურდა.

ანგარიშიდან გამომდინარე „ბუნების მსოფლიო ფონდი“ საერთაშორისო საზოგადოებას ახალი, გლობალური შეთანხმების მიღწევისკენ მოუწოდებს. რომელიც ბუნებაზე ადამიანის ზემოქმედებას განსაზღვრავს.

„შესაბამის თანამდებობაზე მყოფებმა უნდა გააკეთონ სწორი პოლიტიკური და ფინანსური არჩევანი, რათა ჩვენს ერთადერთ პლანეტაზე ადამიანმა და ბუნებამ ჰარმონიულად ცხოვრება შეძლონ”, – აღნიშნულია ანგარიშში.

„ბუნების მსოფლიო ფონდის“ ანგარიშზე რამდენიმე წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, 59 მეცნიერი მუშაობდა.