ბულგარეთში პოლიტიკური კრიზისის ფონზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გადაიდო
ბულგარეთში პოლიტიკური კრიზისის ფონზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გადაიდო

ბულგარეთში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გადაიდო.

ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ წერს.

ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა უარი თქვა დროებითი მთავრობის დანიშვნაზე, რომელშიც შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე კალინ სტოიანოვის დატოვება იგეგმებოდა.

პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებით, ქვეყანაში 20 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნები გაურკვეველი ვადით გადაიდო.

როგორც მედია წერს, პრეზიდენტი და საპარლამენტო ოპოზიცია სტოიანოვს აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ სანქცირებული ოლიგარქის, დელაინ პეევსკის მოკავშირედ მიიჩნევენ. რუმენ რადევმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ სტოიანოვის თანამდებობაზე დატოვებით შეუძლებელი იქნება პოლიტიკური სიტუაციის დასტაბილურებისა და სამართლიანი არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფა.

სტოიანოვი შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას 2023 წლის ივნისიდან იკავებს.

რუმენ რადევის თქმით, მან პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, გორიცა გრანჩაროვა-კოჟარევას შს მინისტრად სხვა კანდიდატურის წარდგენა შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო.

„ქალბატონი გრანჩაროვა-კოჟარევას უარის შემდეგ მე ხელს არ მოვაწერ ამგვარად შეთავაზებული დროებითი მთავრობის დანიშვნას და მისი ვალდებულება მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით დასრულდა. ხვალ პარლამენტში ფიცის დადება არ გაიმართება, არჩევნები გადაიდება 20 ოქტომბრის შემდგომი პერიოდისთვის, მოქმედი მინისტრთა კაბინეტი კი გააგრძელებს მოვალეობის შესრულებას ოფიციალური მთავრობის ფორმირებამდე“, – დაწერა ბულგარეთის პრეზიდენტმა.

თავად სტოიანოვი ოპოზიციასა და პრეზიდენტს მისი პოლიტიკიდან გაძევების მიზნით კოორდინირებულ ქმედებებში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ უკან არ დაიხევს, როდესაც სისტემაზე კონტროლის ხელში ჩაგდების მცდელობა ხორციელდება.

პოლიტიკური არასტაბილურობის გამო ბულგარეთში ბოლო სამი წლის განმავლობაში არჩევნები ექვსჯერ გაიმართა. 2024 წლის ივნისში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მთავრობის ფორმირების რამდენიმე მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.