ბულგარეთსა და პოლონეთში საქართველოს საელჩოების დახმარებით, საქართველოს მოქალაქეები სასტუმროებში დაბინავდნენ
კორონავირუსის გავრცელების გამო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების შედეგად საქართველოში გამომგზავრების შესაძლებლობას დროებით მოკლებული საქართველოს მოქალაქეები ბულგარეთსა და პოლონეთში საქართველოს საელჩოების ძალისხმევით, საცხოვრებლით უზრუნველყვეს.
მოქალაქეებმა დახმარების თხოვნით საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საელჩოების ცხელ ხაზს მიმართეს.
ბულგარეთში საქართველოს საელჩოსა და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობის შედეგად, ქალაქ ბურგასის მერმა უზრუნველყო საქართველოს მოქალაქეების საცხოვრებლითა და პირველადი მოხმარების საგნებით დახმარება.
„აღსანიშნავია, რომ საქართველოს 80-მდე მოქალაქე, რომლებიც ბულგარეთიდან საქართველოში დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიური ჩართულობით, 18 მარტს უკვე სამშობლოში დაბრუნდნენ.
რამდენიმე ათეული მოქალაქე უზრუნველყო საცხოვრებლითა და პირველადი მოხმარების საგნებით პოლონეთში საქართველოს საელჩომ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის განკუთვნილი ადგილსამყოფელის ხარჯებს საქართველოს საელჩო საკუთარი სახსრებით ანაზღაურებს“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში,
საქართველოს პირველი არხი პოლონეთში მყოფ ერთ-ერთი მოქალაქეს, რომეო ჭითაშვილს დაუკავშირდა.
„გარკვეულმა ნაწილმა ვერ მივუსწარით რეისს, რადგან სხვადასხვა ქალაქში ვიყავით. ვინც დავრჩით, მივმართეთ საელჩოს და დაგვაბინავეს ერთ-ერთ სასტუმროში, ნორმალურ პირობებში. გვეუბნებიან, რომ 3 აპრილისთვის გამოვემგზავრებით“, – განაცხადა რომეო ჭითაშვილმა.