ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი - ბულგარეთი მომავალშიც დაუჭერს მხარს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის რეალიზაციის გზაზე
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი სტეფან იანევი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
სტეფან იანევი მისალოც წერილში აღნიშნავს, რომ ბულგარეთი მომავალშიც დაუჭერს მხარს საქართველოს თავისი ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის რეალიზაციის გზაზე.
„თქვენო აღმატებულებავ, გულწრფელად გილოცავთ 26 მაისს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს! ბულგარეთის რესპუბლიკა დიდად აფასებს მეგობრულ ურთიერთობებს საქართველოსთან. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ბულგარეთის მთავრობის მზადყოფნას, გააგრძელოს თანამშრომლობა ჩვენს ურთიერთობებში არსებული პოტენციალის სრულად გამოყენებისთვის ჩვენი ქვეყნებისა და ერების საკეთილდღეოდ. ვსარგებლობ ამ შემთხვევით, რათა დაგიდასტუროთ, რომ ბულგარეთის რესპუბლიკა მომავალშიც დაუჭერს მხარს საქართველოს თავისი ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის რეალიზაციის გზაზე. ბატონო პრემიერ-მინისტრო, გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებას თქვენს მეტად საპასუხისმგებლო საქმიანობაში“, – წერს სტეფან იანევი.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.