ერთად ჩამოვივლით მთელ სოფელს და ერთმანეთს შევარიგებთ, შეთანხმება მიღწეულია, – ამბობს ბუკნარის მკვიდრი, მუსლიმი თემის წარმომადგენელი ბესიკ პაიჭაძე.
„რა თქმა უნდა, შეთანხმება შედგა. ჩვენ ძმურად ვცხოვრობდით და ასე გავაგრძელებთ, მერთან ერთად ხუთ-ხუთი კაცი ჩამოვივლით მთელ სოფელს და შევარიგებთ, ამის პრობლემა არ იქნება. რა თქმა უნდა, სამლოცველო იქნება. არ ყოფილა აქ საუბარი მეჩეთის გაფართოებაზე, არც მშენებლობაზე, ჩვენ გვყოფნის ის, რაც გვაქვს. გვინდა გარემონტება და გავარემონტებთ“. – ამბობს ბესიკ პაიჭაძე.
ჩოხატაურის მერიაში ქრისტიანი და მუსლიმი თემის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. მუნიციპალიტეტის მერის, ირაკლი კუჭავას განცხადებით, შეთანხმება მიღწეულია, სამლოცველო კი გააგრძელებს ფუნქციონირებას.
ამ დრომდე მერიის შენობასთან რჩებიან მუსლიმი თემის წარმომადგენლები და მხარდამჭერები, რომელთა ნაწილი ბუკნარში ბათუმიდან ჩავიდა. მათი ნაწილი ამბობს, რომ არ დაიშლებიან, რადგან ბუკნარი არ არის ცალკე პრობლემა და მუსლიმი თემის უფლებების საკითხი მთელ ქვეყანაში უნდა იყოს დაცული.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში უთანხმოება მუსლიმ და ქრისტიან მოქალაქეებს შორის გუშინ დაიწყო. კონკრეტულად, მუსლიმი თემის წარმომადგენლები სოფელში სალოცავის მოწყობას ითხოვენ, ქრისტიანული თემის წევრები კი ამის წინააღმდეგნი არიან. აზრთა სხვადასხვაობა ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა. ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა.