ბუენოს-აირესის ქუჩებში არგენტინის ვიცე-პრეზიდენტის, კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერის მხარდასაჭერად ათასობით ადამიანმა დემონსტრაცია გამართა
ბუენოს-აირესის ქუჩებში არგენტინის ვიცე-პრეზიდენტის, კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერის მხარდასაჭერად ათასობით ადამიანმა დემონსტრაცია გამართა მას შემდეგ, რაც მასზე თავდასხმის მცდელობა განხორციელდა.
„ჩვენ ყველა კრისტინა ვართ“, – სკანდირებდნენ არგენტინის დედაქალაქის ქუჩებში გამოსული დემონსტრანტები.
შემთხვევა ხუთშაბათს საღამოს კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერის სახლთან მოხდა, როდესაც ის მომხრეებს ხვდებოდა. ერთ-ერთმა მამაკაცმა მაღალჩინოსანს ცეცხლსასროლი იარაღიდან დაუმიზნა, თუმცა გასროლა ვერ შეძლო.
მამაკაცი დაკავებულია. პოლიციის ცნობით, ის ბრაზილიელი არგენტინელი 35 წლის ფერნანდო ანდრეს საბაგ მონტიელია, რომელიც არგენტინაში 1993 წლიდან ცხოვრობს. ის 2021 წელს დაკავებული იყო 35 სანტიმეტრის სიგრძის დანის ტარებისას. ამჟამად გამოძიება მისი მოქმედების მოტივის დასადგენად მუშაობს.
ინციდენტი იმ ფონზე მოხდა, როდესაც არგენტინის ვიცე-პრეზიდენტის წინააღმდეგ კორუფციის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმე ეხება იმ პერიოდს, როდესაც პოლიტიკოსი არგენტინის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.
თუ კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერის წინააღმდეგ წაყენებული ბრალი დამტკიცდება, მას 12 წლით პატიმრობა დაემუქრება და სამუდამოდ აეკრძალება სახელმწიფო თანამდებობების დაკავება. თუმცა, ვინაიდან ის არგენტინის სენატის თავმჯდომარეა, ფერნანდეს დე კირშნერი საპარლამენტო იმუნიტეტით სარგებლობს და უზენაესი სასამართლოს თანხმობის გარეშე, გისოსებს მიღმა არ მოხვდება.