ბრტყელი დედამიწის თეორიის მიმდევრები მასშტაბური კრუიზის მოწყობას გეგმავენ
ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ დედამიწა ბრტყელია, 2020 წელს კრუიზის მოწყობას გეგმავენ.
დეტალები ჯერ ცნობილი არ არის. კრუიზის ორგანიზებას ორგანიზაცია „ბრტყელი დედამიწის საერთაშორისო კონფერენცია“ აკეთებს. მათი თქმით, ეს იქნება „უდიდესი, ყველაზე გაბედული, საუკეთესო თავგადასავალი“.
გემების ნავიგაცია ემყარება პრინციპს, რომ დედამიწა მრგვალია. სწორედ ამ ფაქტს ეფუძნება საზღვაო რუკებიც.
საკრუიზო გემის ყოფილი კაპიტნის, ჰენკ კეიჯერის განცხადებით, დედამიწის სიმრგვალეს ადასტურებს თუნდაც მხოლოდ GPS სისტემა, რომელიც დამოკიდებულია დედამიწის ორბიტაზე მოძრავ 24 ხელოვნურ თანამგზავრზე. მისი თქმით, პოზიციის განსაზღვრისთვის საჭიროა სულ მცირე სამი თანამგზავრი, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ დედამიწა მრგვალია, საჭირო ხდება ყველა მათგანი.
ბრტყელი დედამიწის მიმდევარ საზოგადოებაში სხვადასხვა თეორიები არსებობს, მაგრამ ყველა მათგანი თანხმდება, რომ დედამიწა ბრტყელია.
ბრტყელი დედამიწის საერთაშორისო კონფერენციის განცხადებით, „ვრცელი ექსპერიმენტების, ანალიზებისა და კვლევების“ შემდეგ, მისი მიმდევრები დარწმუნდნენ, რომ დედამიწა სფერო არ არის.
მათი ზოგადი მოდელის მიხედვით, დედამიწა ვრცელი დისკოა, რომელიც გარშემორტყმულია „ყინულის კედლის ბარიერით“ — ანტარქტიდით, ცენტრს კი ჩრდილოეთ პოლუსი წარმოადგენს.
ბრტყელი დედამიწის საზოგადოება დაჟინებით ამტკიცებს, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კოსმოსური სააგენტოები შეთანხმებულად მოქმედებენ და სინამდვილეში, კოსმოსში მოგზაურობა და კვლევა ბლეფია.
ბრტყელი დედამიწის საზოგადოების განცხადებით, ყველაფერი ცივი ომის დროს დაიწყო, როცა სსრკ და აშშ შეპყრობილი იყვნენ ერთმანეთის კოსმოსში დაჯაბნის სურვილით და ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ თითოეული მათგანი აყალბებდა საკუთარ მიღწევას, რათა მოწინააღმდეგესთან საკუთარი უპირატესობა დაემტკიცებინა.
ბრტყელი დედამიწის საერთაშორისო კონფერენცია კრუიზის დეტალებს ჯერ არ აკონკრეტებს. სავარაუდოდ, ორგანიზაცია საკრუიზო გემის ეკიპაჟს აგროვებს, ისეთ მეზღვაურებს, რომლებსაც სჯერათ, რომ დედამიწა ბრტყელია.
ჰენკ კეიჯერის თქმით, ბრტყელდედამიწელებს ეს საკმაოდ გაუჭირდებათ, რადგან 23-წლიანი კარიერისა განმავლობაში, რა დროსაც მას 2 მილიონი მილის აქვს გავლილი, არ შეხვედრია არც ერთი კაპიტანი, რომელსაც სჯერა, რომ დედამიწა ბრტყელია.
მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით.