ბრიტანული ნავთობკომპანია „შელი“ აცხადებს, რომ რუსულ ნავთობსა და გაზს აღარ შეისყიდის
უმსხვილესი ბრიტანული ნავთობკომპანია „შელი“ (Shell) რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ განცხადებას კომპანია საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს.
რუსული პროექტებიდან „შელი“ ეტაპობრივად გავა. პირველი ნაბიჯით კი, შეწყდება რუსული ნედლი ნავთობის შეძენა და კომპანია დახურავს რუსეთში არსებულ მომსახურების სადგურებსა საავიაციო საწვავის წარმოებას. კომპანია ასევე ბოდიშს იხდის, გასულ კვირას განხორციელებული შენაძენისთვის, რის გამოც „შელი“ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ მკაცრად გააკრიტიკა.
„ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ ჩვენს გადაწყვეტილებას, გასულ კვირას რუსული ნედლი ნავთობის პარტიის შეძენასთან დაკავშირებით, რომელიც ბენზინსა და დიზელად უნდა გადამუშავდეს, მიუხედავად იმისა, რომ შეძენა განხორციელდა მიწოდების უსაფრთხოების გათვალისწინებით, ეს არ იყო სწორი და ბოდიშს ვიხდით“, – ნათქვამია განცხადებაში.
ევროპის უმსხვილესმა ნავთობკომპანია „შელმა“ რუსეთისგან ნედლი ნავთობის პარტია რეკორდული ფასდაკლებით შეიძინა. სააგენტო „ბლუმბერგის“ ცნობით, „შელმა“ ნავთობი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო კომპანია Trafigura-სგან შეიძინა და ერთ ბარელში გასაყიდ საბაზრო ფასზე 28,50 დოლარით ნაკლები გადაიხადა.
მოგვიანებით, უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, დმიტრო კულებამ კომპანია „შელს“ ტვიტერის საშუალებით მიმართა: „თქვენთვის რუსულ ნავთობს უკრაინული სისხლის სუნი არ ასდის? მოვუწოდებ მთელ მსოფლიოში ყველა გონიერ ადამიანს, მოითხოვონ ტრანსნაციონალური კომპანიებისგან, შეწყვიტონ ყველანაირი საქმიანი კავშირები რუსეთთან“.