საუდის არაბეთის ნავთობკომპანია Amarco ოცდაათი მილიარდი დოლარის ხელშეკრულებებს გააფორმებს
საუდის არაბეთის ნავთობკომპანია Amarco ოცდაათი მილიარდი დოლარის ხელშეკრულებებს გააფორმებს

საუდის არაბეთის ნავთობკომპანია Amarco საინვესტიციო კონფერენციის ფარგლებში ოცდაათი მილიარდი დოლარის ოდენობის ხელშეკრულებებს გააფორმებს. ამის შესახებ ახლო აღმოსავლეთის სამეფოს ტელევიზია Ekhbariya იუწყება.

როგორც ცნობილია, ოცდაათი მილიარდი დოლარის ოდენობის ფარგლებში თხუთმეტ სხვადასხვა ხელშეკრულება გაფორმდება.

ამასთან, საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ერ-რიადში მიმდინარე საინვესტიციო კონფერენციის ფარგლებში, ახლო აღმოსავლეთის სამეფო ნავთობის, ბუნებრივი აირის და ინფრასტრუქტურის სფეროებში საერთო ჯამში 50 მილიარდი დოლარის ოდენობის შეთანხმებებს გააფორმებს.

ერ-რიადში მიმდინარე საინვესტიციო კონფერენცია საუდის არაბეთის გარშემო არსებული მღელვარების ფონზე მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის გამო რიგმა სახელმწიფოებმა ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.